საზოგადოება
რა მოხდა სინამდვილეში ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

ivanish5თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 1 ნოემბერს, ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართული და უცხოური მედიასაშუალებების 200-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებდა. ნაციონალურმა ტელეარხებმა და სხვადასხვა ინტერნეტმედიასაშუალებამ ჯერ კიდევ პრესკონფერენციის დაწყებამდე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებს ივანიშვილის ბიზნესცენტრში შესვლისას პრობლემები შეექმნათ და მათ მიმართ გარკვეულ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი... პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის მიმართ საზოგადოების ზეინტერესის გამო, რაღა თქმა უნდა, პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია საქინფორმმაც გაიარა და ეპიცენტრში ორი კორესპონდენტი გაუშვა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პრესკონფერენციაზე შესვლისას და არც მიმდინარეობისას არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და არც შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი ჩვენი მისამართით. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, კითხვის დასმა იყო და ისიც იმ „Live-შოუს“ გამო, რომლის მოწყობაც ჟურნალისტებს „ნაციონალმა“ ხელმძღვანელებმა დაავალეს.

რამდენიმე ჟურნალისტმა ოპერატიულად გადასცა ხელმძღვანელობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილის დაცვის წევრებმა პირადი ნივთები გაუჩხრიკეს, უბის წიგნაკები დაუთვალიერეს და ზოგიერთ მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. არადა, ივანიშვილის ბიზნესცენტრის ეზოში, დაახლოებით, 15 წუთს დავყავი, რადგან ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჟურნალისტების შემოწმების პროცესის ზოგადი მონიტორინგისა და ბიზნესცენტრისთვის რამდენიმე ფოტოს გადასაღებად. არც მე და არცერთ ჩემს კოლეგას შესვლის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და თითოეული ჩვენგანი, ბევრი-ბევრი, 5 წუთში შედიოდა ეზოში. დაცვამ პრესკონფერენციის დარბაზამდეც მიგვაცილა, სადაც ტელეოპერატორებმა მომზადება დაიწყეს...

ზუსტად 16:00 საათზე ივანიშვილის პრესკონფერენცია დაიწყო. ოპოზიციონერ მაგნატს გვერდით საკუთარი პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი ეჯდა, რომელმაც დამსწრე ჟურნალისტებს სრულიად გასაგებად განუმარტა, რომ თითოეული მედიასაშუალების წარმომადგენელს მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება მიეცემოდა.  ეს ლოგიკურიც იყო, რადგან სავსებით ცხადია, 230 ჟურნალისტის არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პრესკონფერენციაზე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ივანიშვილის პრესსამდივნოს შეთანხმებისამებრ, პირველი კითხვა მაუწყებლის ჟურნალისტმა დასვა და, ობიექტურობის ნატამალის არარსებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველანაირი თავაზიანობის გარეშე პირდაპირ, უხეშად, თუმცა ნერვიულად გადავიდა ბიზნესმენის შეტევაზე და პირდაპირ გამოაცხადა მედიის მტრად. ბატონმა ბიძინამ მისი დამშვიდებაც კი სცადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნერვიულობდა, რადგან ეს მისთვის პირველი პრესკონფერენცია იყო. თუმცა შოუს მთავარი ნაწილი წინ გველოდა. მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის არაერთ კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნის გარდა, დამსწრე საზოგადოება მათი თავხედობისა და არაპროფესიონალიზმის მომსწრე არაერთხელ გახდა. ჟურნალისტების ყველა გამოხტომას მთავარი გმირი ყოველგვარი უხეშობის თუ ყვირილის გარეშე, მშვიდი და ხანაც ღიმილიანი სახით პასუხობდა. დაძაბულობის მიუხედავად, რომელსაც მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში განიცდიდა, ივანიშვილი ერთხელაც არ გასცდენია ეთიკის ჩარჩოებს.

ბატონი ბიძინა მიხვდა და არც დაუმალავს, რომ ჟურნალისტების მხრიდან მასზე განხორციელებული შეტევა ხელისუფლების შეკვეთით ხდებოდა და რამდენჯერმე მოუწოდა მათ, ყოფილიყვნენ ობიექტურები და გულწრფელები, რითაც თავად ნამდვილად გამოირჩეოდა. თუმცა ამაოდ – დაგეშილი რეპორტიორები პრესკონფერენციის ბოლო წუთამდე არ ცხრებოდნენ.

ქართული მედიის კორდებალეტის მიერ გუშინ მოწყობილმა შოუმ, რომელმაც უცხოელ ჟურნალისტებში დიდი გაოცება გამოიწვია, ნათლად დაანახვა საზოგადოებას მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის სწორმა და მოქნილმა პასუხებმა ჟურნალისტებს შეტევის ჟინი კიდევ უფრო გაუძლიერეს და ღონისძიების მსვლელობისას ნათლად იკვეთებოდა მათი ანთებული და გაღიზიანებული სახეები, რომლებიც არა და არ ცხრებოდნენ.

ბოლოს ბატონი ბიძინა შეკრებილთ დაემშვიდობა და დარბაზი დატოვა... აი, სწორედ იმ წუთიდან ატყდა ტყუილების ბუმი, რომელთაგან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ თურმე ჟურნალისტებსა და ივანიშვილს შორის გამჭვირვალე დამცავი მინა აღმართეს... ფოტორეპორტიორები, რომელთაგან ერთ-ერთი მეც ვიყავი, ბიზნესმენისთვის ნაირნაირი ფოტოს გადაღების მიზნით მკაფიოდ განსაზღვრულს ზღვარს საკმაო მანძილითაც გასცდნენ და ფოტოებს შემაღლებული ადგილიდან იღებდნენ, სადაც ზუსტად ერთ მეტრში ბიძინა ივანიშვილი და მისი პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი ისხდნენ, თუმცა თავი უფერული მინისთვის ნამდვილად არ მიურტყამთ, განსხვავებით იმ ჟურნალისტებისგან, რომელთაც ალბათ, სწორედ თავით მოუწევდათ პასუხისგება ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ მომზადებული კითხვების დასმას ვერ მოახერხებდნენ. როდესაც ამის საშიშროება გაჩნდა, რეპორტიორებმა მიკროფონის გარეშე დაიწყეს კითხვების დასმა და იქაურობა ბაყაყებით სავსე ჭაობს დაამსგავსეს, თუმცა უკვე გვიანი იყო – ბატონმა ბიძინამ კიდევ ერთი ტაიმი მოუგო ხელისუფლებას და პრესკონფერენციის ადგილი მშვიდად დატოვა ტრიპოლსკისთან ერთად.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ალბათ, ეს ზოგადი მიმოხილვაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენისთვის გამოცხადებული ნერვების ომი წააგო. ეს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაკეთებულ აღტყინებულ კომენტარებშიც ჩანდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა კი, რომელიც ივანიშვილის გაღიზიანებას პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშუქების  შეწყვეტით ცდილობდა საზოგადოებისთვის „უინტერესო მომენტში“, ალბათ, ადგილზე ხტუნავდა საათნახევრიანი „შრომის“ წყალში ჩაყრის გამო, რადგან ივანიშვილმა შეძლო ის, რაც აქამდე ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა – შეენარჩუნებინა სიმშვიდე მისი მისამართით წამოსული აგრესიისა და ნერვებისმომშლელი არაპროფესიონალიზმის, არაობიექტურობის, არასტაბილურობის ფონზე.

 

ლევან სულაშვილი

საქინფორმი