თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, ქრისტიან-დემოკრატი ზაზა გაბუნია მერიის პროექტს – „1000 ახალი ჯიხური“ – დადებითად აფასებს და შუამდგომლობით მიმართავს ქალაქის მერიას, პრესის გამომცემელთა და გამავრცელებლებისათვის დაშვებულ იქნეს გარკვეული შეღავათები.
„პროექტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს მცირე მეწარმეობის წახალისების საქმეში, სწორედ ამიტომ აუცილებელია ჯიხურებთან დაკავშირებული აუქციონი ჩატარდეს სამართლიანად და იგი მთლიანად მოქალაქეზე იყოს ორიენტირებული. ამასთან, შუამდგომლობით მივმართავ ქალაქის მერიას და ვთავაზობ, პრესის გამომცემლებისა და გამავრცელებლებისათვის დაშვებულ იქნეს სპეციალური შეღავათი, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, იყვნენ კონკურენტუნარიანები აუქციონის მიმდინარეობის პროცესში. ამ მიზნით, სასურველია პრესის წარმომადგენელთათვის აუქციონი ჩატარდეს ცალკე, სპეციალური პირობებით“, – განაცხადა გაბუნიამ.მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიან-დემოკარტები უახლოეს დღეებში ფრაქციის გაფართოებულ სხდომას გამართავენ, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს მიიწვევენ.
ქრისტიან-დემოკრატების ცნობით, პროექტის ფარგლებში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 4 ნოემბერია, ხოლო პირველი აუქციონი 7 ნოემბერს გლდანის, თემქის, მუხიანის, დიდი დიღმის, ავლაბრის, ვაზისუბნის, სოფელ შინდისის, ფონიჭალის დასახლებებისა და ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, გორგასლის, ცოტნე დადიანის, ლიბანის, ლომთათიძის, ბელიაშვილის, აჭარის, პეტრიწის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე განსათავსებელი ჯიხურებისათვის გაიმართება.
აუქციონში გამარჯვებულს ჯიხური მფლობელობაში 5 წლით გადაეცემა.