საზოგადოება
თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 2011 წლის 3 ნოემბერს, ფილარმონიაში ერთ-ერთი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის გამართვა იგეგმება. არაოფიციალური ცნობით, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მიდია გულუაა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ყრილობა ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა, თუმცა ივანიშვილის პრესსამდივნო დაგეგმილ ყრილობასთან კავშირს უარყოფს. „საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 ნოემბერს ფილარმონიაში დაგეგმილი ყრილობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. პრესსამდივნო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ყველანაირი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო თავად გააკეთებს. რაც შეეხება 3 ნოემბრისთვის დაგეგმილი ყრილობის ორგანიზატორებს, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.