პოლიტიკა
როკისა და ფსოუს მონაკვეთზე მონიტორინგს შვეიცარია განახორციელებს

rokis_gvirabiთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით ქართული მხარე დაეთანხმა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მონიტორინგი ყველა სავაჭრო ტვირთზე განხორციელდება.

„ამ საკითხზე მოსკოვში სტუმრობის შემდეგ შედგა შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და როგორც იცით, საქართველოს პირველ პირთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მოხდა მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტება, რომ საერთაშორისო მხარე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მონიტორინგი, იქნება თავად შვეიცარია“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სხვა მხრივ, შეთანხმების ტექსტი უცვლელია.

„რუსეთის ფედერაციამ ითხოვა დამატებითი დრო საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველით მის საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.