პოლიტიკა
შესაძლო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი ვლინდება

kapanadze-sergi2თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „რუსეთმა „ცოტა მეტი დრო“ მოითხოვა შვეიცარიელი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე პასუხის გასაცემად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასა და შვეიცარიელ შუამავლებს შორის ბათუმში გამართულმა შეხვედრამ „რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს“ მოჰფინა ნათელი.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ შვეიცარია ნეიტრალური, მესამე მხარის როლს შეასრულებს, დაიქირავებს რა კერძო კომპანიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მათ შორის, საზღვრების სადავო მონაკვეთებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთების მოძრაობას გაუწევს მონიტორინგს.

კაპანაძის განცხადებით, რუსეთის წინადადება იყო, რომ შვეიცარიას მესამე – ნეიტრალური ქვეყნის როლი ეთამაშა, რომლის ეგიდითაც იმუშავებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

„ის ტექსტი, რომელიც შვეიცარიელმა შუამავლებმა შემოგვთავაზა წინა კვირას, რჩება უცვლელი“, – განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შვეიცარიის წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ – რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში“.

ეს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც  თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის.

თუმცა ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ წინადადება ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფანსაც ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ წინადადების ძალაში შესვლის შემთხვევაში, შვეიცარიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის დამკვირვებლები რუსეთსა და საქართველოს შორის სამ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განთავსდებიან – ორი მათგანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ხოლო მესამე – ზემო ლარსი-ყაზბეგში.

როგორც მოსალოდნელია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, დამკვირვებლები ამ ორ რეგიონთან არსებული რუსეთის საზღვრის რუსულ მხარეს განთავსდებიან, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფი ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს იფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იქნებიან განთავსებული აღნიშნული რეგიონების შიგნით. მესამე სავაჭრო დერეფანი ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე ბევრად უფრო პატარა იქნება, სადაც მონიტორების ორი ჯგუფი საზღვრის ორივე მხარეს განთავსდება.