რედაქტორისგან
რა შეკითხვის დასმა ვერ მოახერხა ივანიშვილისთვის საქინფორმის ჟურნალისტმა

biz9

2011 წლის 1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდის რეზიდენციაში ჩატარდა ბიზნესმენ-პოლიტიკოსის პირველი პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 200 -ზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი. პრესკონფერენცია, რომელიც 16:00 საათზე დაიწყო და 1 საათსა და 30 წუთს – 18:30 საათამდე გრძელდებოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ online-რეჟიმში და  lave-ეთერში ტრანსლირებდა, აგრეთვე, მისი ნახვა შეიძლებოდა  ბიძინა ივანიშვილის გვერდზე „Facebook“-ში Bidzina Ivanishvili official (http://www.ustream.tv/channel/news-blogs ).

საქინფორმიდან პრესკონფერენციაზე  იყო  აკრედიტებული 2 ჟურნალისტი – ბაია ამაშუკელი და ლევან სულაშვილი, რომლებმაც ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვის დასმა ვერ მოახერხეს – პრესკონფერენციაზე შექმნილი სიტუაციის გამო, რომელსაც უმსგავსობის გარდა ვერაფერს დავარქმევთ. რა იყო ამის მიზეზი – პრესკონფერენციის ძალზე ცუდი ორგანიზება, ჟურნალისტთა უმეტესობის არაპროფესიონალიზმი და თავხედობა, თუ ეს ვითარება ხელს აძლევდა კონფერენციის ორგანიზატორებს – საქინფორმისთვის უცნობია. ალბათ, ყველაფერი ერთად...

ამაზე ახლა მსჯელობას არ დავიწყებთ. გამოვთქვამთ სინანულს, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“, ბრენდს, რომელსაც 90 წლის ისტორია აქვს, არ მიეცა შეკითხვის დასმის საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პირველ პრესკონფერენციაზე (ანუ, პრაქტიკულად, მისი, როგორც პოლიტიკოსის, პრეზენტაციაზე).  სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, რომელთა  ჟურნალისტების „წარმატების“ საწინდარი მათი აგრესიულობა და ძალზე არაკომპეტენტური, მარტო PR-ზე  გათვლილი სკანდალური  შეკითხვები გახდა.

საქინფორმი თავის მკითხველს შესთავაზებს  პრესკონფერენციის სტენოგრამასა (რა თქმა უნდა, ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელი რეპლიკებისა და ქცევის აღწერის გარეშე) და ვიდეოჩანაწერს, აგრეთვე, ექსკლუზიურ ფოტოქრონიკას ჩვენი საიტის – www.saqinform.ge  – მთავარ გვერდზე და რუბრიკაში „ფოტოგალერეა “ (რომლის გაკეთება საქინფორმის კორესპონდენტმა, შეკითხვის დასმისგან განსხვავებით, მოახერხა).

ახლა კი მკითხველს ვთავაზობთ ერთადერთ კითხვას, რომლის დასმასაც საქინფორმის ჟურნალისტი ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის აპირებდა:

ბატონო ბიძინა! 3 ოქტომბერს გაზეთ „იზვესტიაში“ ვლადიმერ  პუტინის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „ახალი ინტეგრაციული  პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“,  სადაც  ახალი  ევრაზიული  კავშირი – „რუსეთის, ბელარუსისა და  ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ წარადგინა. თავის  სტატიაში პუტინი, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მისი რეალიზაციისას  გამოყენებული იქნება შენგენის შეთანხმებების გამოცდილება... ეს დაეფუძნება ერთიან სავიზო და მიგრაციულ პოლიტიკას, რაც შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის მოხსნის საშუალებას მოგვცემს“.

ერთიანი ეკონომიკური სივრცის პროექტი სტარტს 2012 წლის 1 იანვარს იღებს, მაგრამ, როგორ გგონიათ, მოგვიანებით –  როდესაც მოლაპარაკებათა მაგიდის ერთ მხარეს რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი დაჯდება, მეორე მხარეს კი –  ქართველი ხალხის მიერ პატიოსნად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი – საქართველო ახალ ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს?

მიმზიდველ სავაჭრო ბაზარსა და ბიზნესის პერსპექტივაზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორ ფიქრობთ – ხომ არ იქნება ეს ერთდროულად მოძმე აფხაზ და ოს ხალხებთან ერთიან ოჯახში დაბრუნების საუკეთესო გზა – მათთან, რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ყოფნა?

P.S. მკითხველს დამატებით ვაცნობებთ, რომ ეს შეკითხვა საქინფორმის მიერ გაგზავნილია ბიძინა ივანიშვილის გვერდზე „Facebook“-ში Bidzina Ivanishvili officialდა ამიტომ მასზე ჩვენ პასუხს ველით!



საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი