პოლიტიკა
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ „პროგრესს“, რომელსაც რუსეთმა და საქართველომ მსო-ში რუსეთის გაწევრების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწიეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა 31 ოქტომბერს.
„ჩვენი აზრით, მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდის. მივესალმებით მიღწეულ პროგრესს; თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთის გაწევრებას მსო-ში. „ქართველები დათანხმდნენ შვეიცარიის წინადადებას, რუსები განიხილავენ მას. ჩვენ რამდენიმე დარჩენილ საკითხზე ვმუშაობთ, უფრო სწორად, შვეიცარიელები – იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კარგი საშუალება იქნება არსებული საკითხების მოსაგვარებლად“, – დასძინა მან.