პოლიტიკა
WTO: საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა პოზიციაზე იმსჯელეს

misha-kalmi-reiთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა მიშელინ კალმი-რეიმ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციაზე იმსჯელეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ბათუმში შედგა.

მიშელინ კალმი-რეიმ სააკაშვილს შვეიცარიის მიერ შეთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, როგორია მოსკოვის პოზიცია.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება, მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს.

ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს გადაწყვეტს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დასრულდა.

ოფიციალურმა მოსკოვმა ორგანიზაციის წევრობის განაცხადით მსო-ს პირველად 1993 წელს მიმართა.