უცხოელმა პედაგოგმა დედოფლისწყაროს რუსულ-ქართული სკოლა მიატოვა
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულ სკოლაში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის შესვლის საკითხი რამდენიმე თვით გადაიდო. ამის შესახებ გაზეთ „ქიზიყს“ რუსულ-ქართული სკოლის დირექტორმა ლალი გოჩიტაშვილმა აცნობა. დედოფლისწყაროში გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგმა სკოლა ორ თვეში პროტესტის ნიშნად დატოვა. დირექტორი 22 წლის ინგლისურენოვანი პედაგოგის –
მერი სმიტის, ვადაზე ადრე წასვლის მიზეზს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ სმიტი გურჯაანში გადავიდა.
„მერი სმიტი ჯერ დედოფლისწყაროელ სამართალდამცველებს ამეცადინებდა. ჩვენს სკოლაში შემოსვლა თავდაპირველად ამ მიზეზის გამო დაუგვიანდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, ყველაფერი მოვაგვარეთ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვიქმნია. მასპინძელი ოჯახის შერჩევა გვევალებოდა და საუკეთესო პირობები დავახვედრეთ. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ის გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში გადავიდა. არა მგონია, რომ მომდევნო ნაკადის საქართველოში ჩამოყვანამდე ასე დავრჩეთ. როგორც ვიცი, სხვა უცხოელ პედაგოგს ჩვენს სკოლაში ამ თვეებში გამოგზავნიან,“ – აცხადებს სკოლის დირექტორი. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი მერი სმიტის მიერ დედოფლისწყაროს დატოვების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგის უკმაყოფილების თაობაზე არაფერი სმენია. მისი თქმით, პედაგოგი სხვა რაიონში თავად განათლების სამინისტრომ გადაიყვანა და კონკრეტული მიზეზები მისთვის უცნობია. www.qiziki.blogspot.com