ჯაბა დვალი: „საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უკეთ იცის, ვჭირდები თუ არა გუნდს!“
ჯაბა დვალი „ზესტაფონის“ რიგებში 2009 წელს მოლდოვური „დაჩიადან“ გადმოვიდა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი მაშინვე დაიმკვიდრა და ერთ-ერთი შეუცვლელი მეგოლეც გახდა. მიუხედავად მისი წარმატებული თამაშისა როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ევროსარბიელზე, დვალი ნაკრების თავკაცის – თემურ ქეცბაიას, გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში აქამდე არ აღმოჩენილა. ცდება თუ არა ქეცბაია, როდესაც არ იძახებს დვალს და სჭირდება თუ არა თავად ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს? საქინფორმი ფეხბურთელ ჯაბა დვალს ესაუბრება. – ეროვნულ ჩემპიონატში ორი წლის წინათ „დაჩიადან“ დაბრუნდით, მანამდე „ოლიმპში“ ასპარეზობდით. ამ პერიოდების შედარებისას, ქართული საკლუბო ჩემპიონატის პროგრესულ ცვლილებებს თუ ამჩნევთ? – პირველი, რაც მინდა, აღვნიშნო, ჩემს წასვლამდე საქართველოში არ იყვნენ ისეთი გუნდები, როგორებიც ახლა არიან. იგულისხმება ის, რომ ძალიან ბევრი გუნდია, რომლებთანაც თამაში ჭირს, იოლად ვერ მოუგებ. სტადიონები უზრუნველყოფილია და ფეხბურთის თამაში შეიძლება. ფინანსური თვალსაზრისითაც, სიტუაცია გამოსწორებულია. მაშინდელთან შედარებით, დაინტერესება მეტია.
– ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზესტაფონი“ მოლდოვურ „დაჩიას“ დაუპირისპირდა, თქვენ ყოფილი გუნდის კარში დუბლი შეასრულეთ. ეს მოახერხეთ იმის ხარჯზე, რომ კარგად იცნობდით მოწინააღმდეგეს, თუ პრესტიჟის გამო იყო „დაჩიას“ კარში გოლის გატანა? – ასე დაემთხვა. ორი გოლი გავიტანე. შესაძლოა, სხვა შეგვხვედროდა და მათი კარიც ორჯერ ამეღო. „დაჩია“, რა თქმა უნდა, ნაცნობია ჩემთვის, ფეხბურთელები, მწვრთნელები, თუმცა განსაკუთრებული მოტივაცია ნამდვილად არ მქონია. მოტივაცია მხოლოდ ის იყო ჩემთვის, რომ „ზესტაფონი“ პირველად გახდა ჩემპიონი და პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. – მოლდოვას ჩემპიონატი, რომ ვთქვათ, დიდად არაფრით სჯობს ჩვენსას. რა მოგცათ იქ გატარებულმა ორმა წელიწადმა? – საქართველოდან პირველად წავედი ლეგიონერის სტატუსით. ბევრი რამ ვისწავლე. ეს ბუნებრივად ხდება, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიხარ, უცხო ქვეყანაში ხარ, გამოცდილ ფეხბურთელებთან გაქვს ურთიერთობა. ვფიქრობ, წარმატებული იყო ჩემთვის იქ გატარებული დრო, რადგან არც „დაჩიაში“ ვთამაშობდი ცუდად. მეორე ადგილზე გავედით ჩემპიონატში, თასის ფინალიც ვითამაშეთ. ძლიერი ჩემპიონატი არაა, მაგრამ არის რამდენიმე კლუბი, რომელთაც მაღალ დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. იგივე „შერიფი“, რომელიც ორი წელი ევროპაზე ჯგუფში ხვდებოდა. – ევროპის ლიგაზე, „ბრიუგესთან“ მატჩის წინ გია გეგუჩაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ბევრი ფეხბურთელისგან მოვისმინე – დაგვყარა და წავიდაო. 30 ოქტომბერს „ტორპედოს“ წინააღმდეგ თამაშობთ, რომლის თავკაცი სწორედ გია გეგუჩაძეა. ახლა როგორ შეხვდებით ყოფილ მწვრთნელს? – მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ასეთი იყო და მან გააკეთა არჩევანი – წავიდა. რა თქმა უნდა, რომელ ფეხბურთელს ესიამოვნებოდა, ასეთი სერიოზული მატჩის წინ მწვრთნელი რომ მიგატოვებს. თუმცა ცუდად არ გვითამაშია, არ შევრცხვით. ქუთაისის „ტორპედო“ ჩვენთვის ჩვეულებრივი მეტოქეა და სათამაშოდაც ასევე გავალთ. არ აქვს მნიშვნელობა, იქ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი თუ სხვა ვინმე. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ სამქულიანი ჰანდიკაპი შევინარჩუნოთ და კვლავ ჩემპიონები გავხდეთ. გეგუჩაძის მიერ დაყრას რაც შეეხება, ასეთი შეფასება არასწორი მგონია. – „ბრიუგესთან“ განმეორებით შეხვედრაში გოლი გაიტანეთ, მაგრამ არ ჩაითვალა. იმ გოლის ჩათვლის შემთხვევაში, „ზესტაფონი“ გარდატეხის შეტანას შეძლებდა იმ შეხვედრაში? – ძნელი სათქმელია. არ მგონია, ამ გოლს რამე შეეცვალა, რადგან მეტოქემ ბევრად გვაჯობა გასვლით შეხვედრაში. შეიძლება რაღაც გაგვეკეთებინა კიდეც, მაგრამ 2:1 თუ წავაგებდით, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. თუმცა ვთვლი, რომ ის გოლი 100%-ით ჩასათვლელი იყო. – ბოლო ტურში „სპარტაკის“ კარში ჰეთრიკი შეასრულეთ და, საერთოდ, რაც დაბრუნდით საქართველოში, შედეგიანობით გამოირჩევით. ხომ არ დადგა დრო, ჯაბა დვალიც გახდეს ბომბარდირი? – ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი „დინამოს“ რიგებში გავხდი. ბომბარდირობის ამბიცია არ მაქვს. მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუმცა თუ გავიტან და მოვიგებთ, ამაზე უკეთესი რა იქნება. მინდა, დავეხმარო „ზესტაფონს“, ძალა მივცე. თუ ბომბარდირი გავხდები, კარგი იქნება, თუმცა წინასწარ ამას არ ვგეგმავ. – ევროსარბიელზე „ზესტაფონიდან“ თქვენ და ნიკოლოზ გელაშვილმა გამოიჩინეთ თავი გატანილი გოლებით. თუმცა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში არ აღმოჩნდით. გულშემატკივრის პროტესტს იწვევს, ნაკრებში რომ არ გეძახიან. მაშინ, როდესაც საუბარია კადრების დეფიციტზე, თქვენ კი ეროვნულ გუნდს მიღმა რჩებით. ამბობენ, რომ თემურ ქეცბაია ცდება. როგორ გგონიათ, ცდება მთავარი მწვრთნელი, როდესაც ჯაბა დვალს არ იძახებს ნაკრებში? – ამას ვერ ვიტყვი. ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. თემურ ქეცბაია მწვრთნელია და ისიც თავის საქმეს აკეთებს. თუ ფიქრობს, რომ ნაკრების ღირსი არ ვარ, ეს მისი გადასაწყვეტია. ყველა ფეხბურთელის სურვილი ნაკრებში თამაშია და ჩემი ოცნებაც სწორედ ესაა, გამოვიდე ნაკრების მაისურით და ვასახელო. სურვილი დიდი მაქვს, მოხარული ვიქნები, თუ დამიძახებს. - შეიძლება უხერხული კითხვა იყოს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ქეცბაია თქვენ მიმართ მაინცადამაინც დიდი სიმპათიით არაა განწყობილი... – არ ვიცი. ვითამაშებ თუ არ ვითამაშებ, მისი გადასაწყვეტია. კიდევ ვამბობ, თუ არ ვესიმპათიურები, ჩემი პრობლემა არ არის. ეს მისი გადასაწყვეტია. – სჭირდება დვალი ნაკრებს? – უხერხული კითხვაა. არც ამაზე მაქვს პასუხი. თუ გამომიძახებენ, ყველაფერს გავაკეთებ, ძალ-ღონეს არ დავიშურებ. მე ვერ ვიტყვი, ვჭირდები თუ არა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უკეთ იცის, ვჭირდები თუ არა გუნდს. – „ზესტაფონთან“ კონტრაქტი 2013 წელს გისრულდებათ. აპირებთ საქართველოში დარჩენას? – ორ წელიწადი და თვეებია, რაც აქ ვთამაშობ, დრო ამდენივე კიდევ მაქვს. როდესაც „ზესტაფონში“ ვარ, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბის წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს მიზნები, რომელთა დაცვა და შესრულება ყველას ვალდებულებაა. – მომდევნო ტურებში „ვიტ ჯორჯიასა“ და „ტორპედოს“ უპირისპირდებით. შესვენებისთვის მცირე დრო გაქვთ მატჩიდან მატჩამდე. ხომ არ დაიღლებით „ტორპედოსთან“ თამაშამდე? – „ვიტ ჯორჯია“ კარგი გუნდია, წლების განმავლობაში სტაბილურად თამაშობს და უხერხული მეტოქეა. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით, მოვიგოთ. საკუთარ მოედანზე თამაშისას დიდი უპირატესობა გვაქვს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. „ტორპედოს“ რაც შეეხება, დაძაბული თამაში იქნება. თუნდაც გეგუჩაძის ფაქტორის გამო, მაგრამ ამ თამაშში ჩვენ ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდამოვიგოთ. ჩემპიონობა უნდა შევინარჩუნოთ. ჯერ ადრეა რამეზე ლაპარაკი, მაგრამ თუ თავშივე არ ავიღეთ საჭირო ქულები, ბოლოსკენ გაგვიჭირდება. ჩემპიონობას კი ასე ვერ მოიპოვებ. ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი
საქინფორმი