სამართალი
თემურ ქეცბაიამ ბაზაზე გოგიტა გოგუას სურათები ჩამოახსნევინა

gogita-goguaთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გოგიტა გოგუას მარტის შემდეგ აღარ იწვევენ. მიზეზი დღემდე ყველასთვის უცნობია, თუმცა კულუარებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფეხბურთელმა მწვრთნელის მითითება არ შეასრულა, რასაც ორმხრივი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. 29 მარტს, ისრაელთან ევროშესარჩევი მატჩის წინ, შეკრებიდან გოგუა დაითხოვეს.

მოგვიანებით ქეცბაიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურდა და საჭიროდ ჩათვალა, გოგუა გაეშვა. არადა, საქართველოს ნაკრები გოგუასნაირი ფეხბურთელებით განებივრებული რომ არ არის, ცხადზე ცხადია (ქართველი ნიჟნი- ნოვგოროდის „ვოლგაში“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონია).

როგორც საქინფორმის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ნაკრების თავკაცმა, რომელმაც ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში აღებული 10 ქულა უნამუსოდ „წარმატებულად“ ჩათვალა, ნაკრების ბაზაზე – „ბასაზე“ გოგიტა გოგუას ყველა ფოტო ჩამოახსნევინა. პირადი კონფლიქტის საფუძველზე ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებისთვის ბევრი უშრომია, ხელის მოსმით მოიშორა. მიზეზებზე გოგუასთვის არაფერი უკითხავთ, ქეცბაია კი, როგორც ყოველთვის, მართალია.

რაც შეეხება ფეხბურთელს, იგი ნაკრებს, სულ მცირე, 4 წლით ჩამოშორდება, სანამ ქეცბაიას კონტრაქტი არ ამოეწურება.