თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, 2011 წლის 31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „ბინათმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ და „თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ საქართველოს პარლამენტთან მართავენ თბილისელი „ბინათმოსარგებლეების“ საპროტესტო აქციას ლოზუნგით – „ბაქრაძე, კუბლაშვილო, თორდია და მაჭავარიანო - ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში!“
აქციაზე წამოყენებული იქნება მოთხოვნები:
1. დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნეს კანონის მუხლით განსაზღვრული ზღვრული ვადა „2012 წლის 1 იანვარი“, რაც ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გამოყრისა და მშობლიურ ქალაქში დევნილებად ქცევის საფუძველია;2. საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ასოციაციის მიერ მომზადებული კანონის პროექტი მესაკუთრეების მონაწილეობით და საერთო შენიშვნების გათვალისწინებით გაიტანოს პლენალურ სხდომაზე დასამტკიცებლად.
როგორც „ბინათმოსარგებლეთაუფლებების დაცვის ასოციაციაში“ აცხადებენ, ბინის „მესაკუთრეთა“ და ბინით „მოსარგებლეთა“ (ე.წ. ატსტუპნიკების) პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისათვის, მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, როდესაც ლეგალურად აკრძალული იყო ბინების, როგორც უძრავი ქონების, ყიდვა-გაყიდვა და ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში იყო მოქცეული, ადამიანებმა, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან ვერ შეძლეს ელემენტალური საცხოვრებელი ჭერის მიღება, რაც მათი ცხოვრების აუცილებელი პირობა იყო, იპოვეს შემოვლითი გზა საცხოვრებლით საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფისა და საკუთარი ძალებითა და სახსრებით ჯანმრთელობისათვის მეტ-ნაკლებად უვნებელ გარემოში ცხოვრების მოწყობისა.
ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ჩამოყალიბებულ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოში არსებობდა, რომელიც მათ წარმატებით გადაწყვიტეს. ერთადერთი სახელმწიფო საქართველოა, სადაც ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.