სამართალი
ხობის გამგებელი დააკავეს

tyebuchavaზუგდიდი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ტენდერებში გამოვლენილი დარღვევების გამო დააკავეს. ამჯამად ბრალდებული თბილისში დასაკითხავადაა გადაყვანილი.

კონკრეტულად რის გამო დააკავეს გამგებელი, მისი ორივე მოადგილისთვის უცნობია. გიორგი გაწერელია და რალა ჩემია აცხადებენ , რომ დაკავების შესახებ არანაირი დეტალები არ იციან. მათი თქმით, „იგორ ტყებუჩავა კარგი გამგებელი იყო და აზრად არ მოსდით, რატომ უნდა მომხდარიყო მისი დაკავება“.

ხობის პოლიციაში დაკავების მიზეზებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ იგორ ტყებუჩავა ხობის გამგებლად 2009 წელს დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გვიან ღამით დააკავეს.