ბათუმში კალმი რეისა და სააკაშვილის შეხვედრა გაიმართება
თბილისი, 31 ოქტომბერი,
საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი რეი დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბათუმში შეხვდება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს გააცნობს.
„შედგება დოკუმენტის საბოლოო განხილვა და იმედს ვიტოვებთ, რომ გათვალსწინებული იქნება სწორედ ის კომპრომისული ხედვა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა, წარმოადგინა და რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვისაც იქნება მისაღები“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შესაძლებლობა მიეცა და ქართული მხარე ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა.