სამართალი
„ლეიბორისტული პარტიის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე ავტოავარიაში მოყვა

giorgi-kochiashviliთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყოჩიაშვილი ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა – საპირისპიროდ მოძრავი „ოპელისა“ და „BMW“-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. „ოპელის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ინერციით მესამე ავტომობილს – „მერსედესს“ შეეჯახა, რომელსაც ყოჩიაშვილი მართავდა.
როგორც ინტერნეტგაზეთ „ქიზიყს“ ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში განუცხადეს, გიორგი ყოჩიაშვილს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. „საბედნიეროდ, ღვთის მადლით, მე სხვებთან შედარებით ნაკლებად დავზიანდი, შეიძლება ითქვას, გადავრჩი, თუმცა სერიოზულად დაზიანდა ჩემი კუთვნილი ახლად შეძენილი ავტომობილი, რომელიც ამ დრომდე საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი და ექსპერტიზის ჩატარებას ველოდებით“, – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი ყოჩიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში „ოპელის“ მარკის მძღოლის ბრალეულობა გამოიკვეთა, თუმცა ის მკურნალობას განაგრძობს. დაზიანებები აღენიშნება „BMW“-ს მძღოლსაც.
ოპოზიციონერი მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს, თუმცა საკანონმდებლო მიდგომას აპროტესტებს და აცხადებს, რომ დაუხვეწავი კანონის გამო ხელი შეეშალა მისი საქმიანობის განხორციელებაში, რამაც დამატებითი ზიანიც მიაყენა. მისი თქმით, ამ დრომდე ვერავინ განუმარტა, როდის მიეცემა უდანაშაულო ადამიანს საკუთარი ავტომობილით სარგებლობის საშუალება, რასაც მისი უფლებების შეზღუდვად მიიჩნევს.

www.qiziki.blogspot.com