აქტუალური
ცვლილებები სპეციალურ და საგანგებო სატელეფონო ნომრებში

tel-nomrebiთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად, 2011წლის  15 ნოემბრიდან იწყება ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში  1xx(xxx) ფორმატის სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების (კოდების) დანერგვის სამუშაოები.

ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0x(x) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლება 1xx ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით:

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნომრები - 111;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები - 113;

გაზის საავარიო სამსახურის ნომერი -114;

საპატრულო პოლიციის ნომერი - 122;

დაცვის პოლიციის ნომერი - 125.

გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, ძველი 0x(x) ფორმატის და ახალი 1xx ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება უზრუნველყოფილი იქნება, დეკემბრიდან კი  ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების მხოლოდ ახალი 1xx  ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.

ასევე, 2011 წლის  10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის პერიოდში განხორციელდება ეროვნული პრეფიქსის („8“) შეცვლა პრეფიქსებით „0“ (ქვეყნის შიდა ზარებზე) და „00“ (საერთაშორისო ზარებზე).

გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8xx (მაგალითად: 8-07, 8-16, 8-10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10xx ფორმატის პრეფიქსული კოდებით.    საერთაშორისო ოპერატორი 8-07 გახდება 10-07; საერთაშორისო ოპერატორი 8-16 გახდება 10-16; საერთაშორისო ოპერატორი 8-10 გახდება 10-10 და ასე შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტს შეუძლია მიმართოს ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საცნობარო სამსახურებს. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს.