საზოგადოება
ლადო პაპავა: „ხელისუფლება ამ გზით ლადო გურგენიძის ბიზნესს აძლიერებს“

akademiaთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები ამიერიდან ხელფასს „ქართუ ბანკის“ ნაცვლად, „ლიბერთი ბანკის“ ბარათებით მიიღებენ. 28 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები „ლიბერთი ბანკის“ ბარათების ასაღებად აკადემიაში დაიბარეს.

„ქართუ ბანკიდან“ სახელფასო ანგარიშის „ლიბერთი ბანკში“ გადატანა ამ დღეებში განხორციელდა. მეცნიერებათა აკადემიაში არ აკონკრეტებენ, თუ რა გახდა ბანკის შეცვლის მიზეზი და, ასევე, არ ასახელებენ ზუსტ დროს, თუ როდის გადაწყდა სახელფასო ანგარიშის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანა.

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები დღემდე „ქართუ ბანკის“ ბარათით ორი ტიპის შემოსავალს იღებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ხელფასსა და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაწესებულ გრანტს.

როგორც ცნობილი გახდა, საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი  აკადემიკოსისათვის ყოველთვიურად 1000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო წევრ-კორესპონდენტისთვის – 500 ლარით.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლადო პაპავამ tribuna.ge-თან საუბარში აღნიშნა, რომ აკადემიაში „ლიბერთი ბანკის“ ბარათის ასაღებად იყო დაბარებული.

პაპავას განმარტებით, სახელფასო ანგარიშის „ლიბერთი ბანკში“ გადატანის მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ „ხელისუფლება ამ გზით ლადო გურგენიძის ბიზნესს აძლიერებს“. ცნობისათვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ პრეზიდენტია.

როგორც  tribuna.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ბარათების დარიგების შემდეგ ვეღარ აიღებენ „ქართუს“ სოციალურ დახმარებას.

 

tribuna.ge