პუბლიკაციები
იური ვაზაგაშვილი: "აღმაშფოთებელია იმ ხალხის დუმილი, ვისაც ეხმარებოდა და ეხმარება ივანიშვილი!“

iuri-analსაქინფორმის სტუმარია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ თავმჯდომარე, ხელისუფლების მიერ თბილისში კორტებთან უსამართლოდ დახვრეტილი ყმაწვილის მამა, ბატონი იური ვაზაგაშვილი.

– ბატონო იური, ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ ოცზე მეტ ორგანიზაციასთან, „საზოგადოებრივ ერთობასთან ერთად“,  ბიძინა ივანიშვილზე ხელისუფლების მიერ დაწყებული პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ მოწოდებას აწერს ხელს. თქვენი ორგანიზაციების ერთობა საზოგადოებისადმი მოწოდებით გამოდის. რას გულისხმობს ეს მოწოდება?

ჩვენი ორგანიზაცია, სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების ერთიანობაზე  დიდი ხანია, საუბრობს. ოცზე მეტი ორგანიზაცია (და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს), გამოვედით მოწოდებით. ისეთ ღირსეულ ადამიანს, მეცენატს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ოცი წელია, უანგაროდ ემსახურება საქართველოს, ალბათ, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ პოლიტიკაში მოსვლისა და  პოლიტიკური საქმიანობის თაობაზე განცხადების გაკეთება გადააწყვეტინა. ეს კაციც, ალბათ, ღმერთმა გამოგვიგზავნა. ხელისუფლებამ კი იმის შესაძლებლობაც წაგვართვა, დაგვენახა, რის გაკეთება სურს ამ ადამიანს?! აღშფოთებული ვართ და ვაპროტესტებთ, რომ რეჟიმმა ამ პიროვნებას მოქალაქეობის გაუქმებით კონსტიტუციით მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც წაართვა. „საზოგადოებრივ ძალთა ერთობა“ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა. უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ეს უკანონო ბრძანებულება. საზოგადოებას კი თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. იქნებ საერთოდ სხვაზე ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ შეხვედრის, კითხვების დასმის და მისი მიზნების გაგების შესაძლებლობა ხომ უნდა გვქონდეს?

პატარკაციშვილის მაგალითზე, რეალური პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ ხელისუფლება ყველანაირ მისაღებ და მიუღებელ მეთოდს მიმართავს ხოლმე. თავისი მშობლიური სოფლის – ჭორვილას მაგალითზე  კი, ბიძინა ივანიშვილმა  „საქართველოს კეთილდღეობის მოწყობის პატარა მოდელი“, ფაქტობრივად, ის „პოლიტიკური პროგრამა“ დაანახვა მოსახლეობას, რომელიც ყველა ქართველისთვის მისაღები უნდა იყოს. ბატონი ივანიშვილი აცახადებს, რომ პოლიტიკაში დარჩენას არ ფიქრობს, სამ წელიწადში წავა... რატომ გახდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ასეთი პიროვნების პოლიტიკაში მოსვლა?

როგორც იტყვიან ხოლმე, „ბადრი პატარკაციშვილის მოსვლამდე, ბატონ ბიძინას არაფერი ეტკინოს“, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, ვის დაიყენებს გვერდით, როგორი პოლიტიკური გუნდი შეიკვრება მის ირგვლივ. დარწმუნებულნი ვართ, რომ  ის პოლიტიკაში მოდის არა ქვეყნის ქონების მისატაცებლად, განათლების, მეცნიერებისა და ხალხის გასანადგურებლად, იმავე ეკლესიასთან დასაპირისპირებლად, არამედ  უანგარო სამსახურისთვის. იმისიც მჯერა, რომ ამ მიზნით გვერდით სუფთა და უანგარო ადამიანებს დაიყენებს. ეს ბატონი ბიძინას სამსახური კი არა, არამედ ჩვენი ქვეყნის,  შვილების მომავლის და საქართველოს სამსახური იქნება.

ბატონო იური, არსებობენ ახალგაზრდების, „ძველგაზრდების“ ჯგუფები, იგივე „წვიმის მუსიკოსებად“ ცნობილი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ ჯერზე ყოველი პოლიტიკური ცვლილების სათავეებთან დგანან, რაწამს იგრძნობენ დიდ ფულსა თუ გრანტებს...

ჯერ ჩვენ არ ვიცით, ბატონი ბიძინა ვის დაიყენებს გვერდით. ჯერჯერობით რამდენიმე პიროვნება დასახელდა. თუმცა ვფიქრობ, რომ სუფთა ძალების ნაკლებობა ჯერჯერობით მაინც შეიმჩნევა. არსებობენ პიროვნებები და ძალები, რომლებიც მართლაც სუფთანი არიან. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა – ბიზნესში შეცდომებს არავის ვაპატიებო და ეს ძალიან კარგი თვისებაა. იმავეს ვურჩევ  პოლიტიკაშიც – მის გვერდზე პოლიტიკოსებსაც არ უნდა აპატიოს შეცდომა. ბატონი ბიძინას დიდი დამსახურება იქნება, თუ მოახერხებს „ცნობადებისა“ და „ცნობილების“ დიფერენცირებასა და გამიჯვნას, რადგან შეუძლებელია, „ცნობადად“ ითვლებოდეს თეა თუთბერიძეცა და იგივე ნოდარ მგალობლიშვილი, ან, თუნდაც, დუტა სხირტლაძეცა და ბატონი რობერტ სტურუა. ბატონმა ბიძინამ ადამიანები ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის მიხედვით უნდა გაარჩიოს და არა იმის მიხედვით, ვინ რა დოზით ჩნდება ეკრანზე. ბატონ ბიძინას ჩემგან არ ესწავლება და ეს ჭკუის დარიგება არაა. ეს საზოგადოების გაჯანსაღების პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს. ის ამას მოახერხებს.

პატიება შეიძლება ნიშნის გამოსწორებაში და მცირე დანაშაულში. ქვეყანასთან მიმართებაში, ალბათ, პატიება დაუშვებელია?!.

არავითარ შემთხვევაში! ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სამშობლოსთან და არა რაღაც  საწარმოსთან ან  შპს-თან. წლების განმავლობაში ბევრი უპატიებელი და ქვეყნისთვის საზიანო შეცდომა იქნა დაშვებული იმავე ოპოზიციის მიერ. ეს აღარ უნდა განმეორდეს!

თუ ხელისუფლებამ არ დაიხია, ჯიქურ მაინც თავისი გაიტანა. მსმენია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლების გამოყენებასა და  თვითორგანიზებასაც აპირებს...

გავრცელდა ინფორმაცია ოჯახის ახლობლებსა და „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებზე პოლიტიკურ ტერორზეც. მის ბანკს ფულის გათეთრებაში ედავებიან და ეროვნული ბანკიც შესამოწმებლად შედის ივანიშვილის ბანკში. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება პირდაპირ ივანიშვილის დეპორტაციის სურვილზე მიუთითებს.

რას აპირებს საზოგადოება და თქვენი საზოგადოებრივი ერთობა?

წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ განცხადებებთან. ვერაფერი რომ ვერ მოუძებნეს, ჩვეული პიარი ააგეს – რუსეთში ნაშოვნი ფულით მოდის და პუტინის მეგობარია. ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვას იმ დემოკრატიული და კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამო, რასაც ხელისუფლება ბიზნესმენისა და, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქის მიმართ სჩადის. ეს უკვე მართლაც პოლიტიკური ტერორია. ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში გარეთ ხალხის გამოყვანა არ შეიძლება. ხელისუფლება იმავე წამს „უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსული ფულით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“ დაადანაშაულებს. ვხედავთ, რომ  ხელისუფლება ისევ ცხონებულ პატარკაციშვილთან აპრობირებულ მეთოდებს მისდევს.

კარგი მეგობრები ჰყოლია პუტინს, თუ საქართველოს ამდენ სიკეთეს უკეთებენ, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს; ჩვენი პატრონი არავინაა?!

თუ პუტინმა ბატონი ბიძინა „იმისთვის გამოუშვა“, რასაც ის საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ ხალხს უკეთებს  – „ წადი და ქართველებს სამების ტაძარი აუგე, უნივერსიტეტები, ხელოვანები დააფინანსე და ქართველებს ხელი მოუმართეო – მაშინ ეს პუტინი კარგი კაცი ყოფილა?!. (იცინის)

ბატონო იური, ყველამ ვიცით, რომ ეს აფსურდია...

წინააღმდეგობაში მოდიან. თან ამბობენ – რუსეთი ჩვენი მტერია და ივანიშვილიც რუსეთის კაციაო, თან გამოდის, რომ ეს „რუსეთის კაცი“ ოცი წელია, უანგაროდ ემსახურება საქართველოს. იქნებ ვთხოვოთ ბატონ პუტინს და ერთი-ორი ბიძინასნაირი კაცი კიდევ გამოგვიგზავნოს (ხუმრობს). რაც შეეხება ქართველ საზოგადოებას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ორ დღეში ვაპირებთ განცხადების გაკეთებას. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, გონს მოეგოს, რადგან ეს ქვეყანა მხოლოდ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ არ არის. ყველაფერი ხომ წაგვართვეს და ახლა არჩევანის კონსტიტუციურ უფლებასაც გვართმევენ?!. წინააღმდეგ შემთხვევაში,  საზოგადოება იტოვებს, გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მისი ყველა უფლება და დაიცვას ის. რასაკვირველია, ეს გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობას არ გულისხმობს.

ბატონი ბიძინა, სულ მცირე, ათასამდე კაცს ეხმარებოდა და ეხმარება, როცა ღირსეული ადამიანები ჯერ ერთმა, შემდეგ მეორე ხელისუფლებამ უმუშევრად დატოვა. „ნაციონალებმა“ კი საერთოდ „ჩარეცხეს“ ისინი. „ივანიშვილის პენსიების“ მქონე პიროვნებებიდან, ერთი-ორის გარდა, მის მიმართ საკუთარი პოზიცია არავის დაუფიქსირებია...

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ამ შემთხვევაში გულნატკენი იქნება და, სამწუხაროდ, ვფიქრობ, კიდევ ბევრ რამეზე ეტკინება გული. მარტო ხელოვნების მუშაკებსა და მეცნიერებს კი არა, რამდენ სპორტსმენს ეხმარება?! ყველა ვალდებულია, გამოვიდეს და პროტესტი ხმამაღლა დააფიქსიროს. ქართველი ხალხისთვის ღირსეულ ადამიანებს ხელისუფლებამ „ჩარეცხილები“ უწოდა. მათ კი გვერდში ბატონი ბიძინა დაუდგა. დღეს ეს ხალხი თუ ასე გაჩუმდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და ამაზე მთელი საზოგადოებაა აღშფოთებული. იმაზე, რომ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მოითხოვო – გაჩუმება როგორ შეიძლება?!

– სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ზნეობრივი ლუსტრაცია მიმდინარეობს...

ერთ ძალიან გულდასაწყვეტ ეპიზოდს გავიხსენებ. ალბათ, გვახსოვს ასანიძის შემთხვევა – ჩემპიონი რომ გახდა. რამდენი რამ გაუკეთა პატარკაციშვილმა, ის კი გაიქცა და „ნაციონალებში“ შევარდა. დღეს, მგონი, „ნაციონალებზე“ კარგადაა.  ბიძინა ივანიშვილიც, პატარკაციშვილის მსგავსად, სხვებთან ერთად, არაერთ სპორტსმენსაც ეხმარება. ერთი და ორი კაცი საკმარისი არ არის. კურტანიძეს ვენაცვალე. კაცმა თქვა – ბოლომდე დავუდგეთ გვერდითო. მინდა, პოლიტიკოსებსაც მივმართო – არ იქნება საშველი, თუ ერთად  არ დავდგებით. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ამის კარგი შანსი გაჩნდა. მე ზუსტ ინფორმაციას ვფლობ, რომ სანამ ბატონი ბიძინა გამოჩნდებოდა, ზოგი ოპოზიციური პარტია იბრძოდა არა პირველობისთვის, არამედ ერთმანეთში პირველი-მეორე ადგილებისთვის. გამოდის, რომ ხელისუფლებას ზოგ პარტიასთან მიმართებაში საქმე დალაგებული ჰქონდა. ასეა და რეალობას ვერ გავექცევით.

რიგს „ცნობადებისას“ ყველა ხელისუფლებაში ვხედავთ და დამარცხებული ხელისუფლების „კარის გამოჯახუნების“ პრინციპით, იქიდან წამოსულები, ისინი ასეთივე წარმატებით ახალი ხელისუფლების „სახეები ხდებიან“.

ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა, მაგრამ მაინც უნდა გაითვალისწინოს ზოგი ოპოზიციური პარტიის წარსული და ხაზს ვუსვამ, რომ  აქცენტი არა „ცნობად“, არამედ „ცნობილ“ პიროვნებებზე გააკეთოს. ეს საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევმა პიროვნებებმაც უნდა გაითვალისწინონ. ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სახედ ქცევისას ასეთ სახეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ხალხიც მათ მიჰყვება და არასწორი არჩევანის გაკეთების მიზეზი ხდება.

– ალბათ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ თავისი როლი მაინც შეასრულა – პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდა და ხელისუფლებას „მშვიდი ძილი დაუკარგა“...

– ხელისუფლება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ იმიტომ აღაშფოთა, რომ ამ კაცმა კარგად იცის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შიგნით რა ხდება და, თქვენის ნებართვით, არასამთავრობოების ნაწილსაც დავამატებდი, რომლებიც, ყველამ ვიცით, ვინ რა თამაშსაც თამაშობს. ამიტომაც ბატონმა ბიძინამ განცხადებაშიც თქვა, რომ მის გარშემო სუფთა ხალხი დადგება.

იმით დავასრულებდი, რომ ღმერთს ვთხოვ – ბატონ ბიძინას რაიმე არ შეეშალოს; ისეთი ხალხი შემოიკრიბოს, როგორი სუფთა ადამიანიც თვითონაა. მაშინ ეშველება ამ ქვეყანასაც. ხელისუფლებისგან კი ყველა და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც მორიგ მზაკვრობას უნდა ელოდოს!

 

ესაუბრა

ბაია ამაშუკელი