თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. 31 ოქტომბრიდან ევროპის სახლი პოლონელ მხატვართა გამოფენა „უწყვეტ დისფუნქციას“ უმასპინძლებს. გამოფენის ინიციატორია „არტისტერიუმი IV“, რომელიც ეწყობა პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები ბიალსტოკის გალერეა „არსენალისა“ და პოდლასკის სახვითი ხელოვნების განვითარების ასოციაციის კოლექციებიდან. ეს ნამუშევრები შექმნილია ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი გარდაქმნებისა და დემოკრატიული ცვლილებების ფონზე.გამოფენა ერთგვარი გააზრებაა ამ დემოკრატიაში დამოწმებული დესტაბილიზაციისა, რომელიც ვლინდება სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროებში. თვით გამოფენის სახელწოდებაც იმ უწყვეტი ცვლილებების მინიშნებაა, რომლებიც თავს იჩენს დისფუნქციურ სისტემაში, სადაც ერთ დარღვევას უცილობლად მეორე სდევს.
გამოფენაზე ხელოვნებისმოყვარულები იხილავენ პოლონელ მხატვართა (ანა ბაუმგართ, ჰუბერტ ჩერეპოკ, ოსკარ დავიცკი, ადა კარმარჩიკი, კიევსკი და კოცურ, კატარჟინა კოზირა, ზბიგნიევ ლიბერა, მაგისტრები, აგატა მიხოვსკა, დოროტა ნიეზნალსკა, ალექსანდრა პოლიშიევიჩ, იუზეფ რობაკოვსკი, იანეკ სიმონ, რადეკ შლაგა, იზა ტარასევიჩ, პიოტრ ჟილინსკი) ნამუშევრებს.
გამოფენა 14 ნოემბრამდე გასტანს.