საზოგადოება
თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, მუზეუმში გაიმართა დიდი საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის 171 წლის იუბილესთან დაკავშირებული უცნობი მემორიალური ნივთებისა და არქივის პრეზენტაცია. აღნიშნული ნივთები მუზეუმს მიმდინარე წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გადასცა, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში აგროვებდნენ დიდი ქართველი განმანათლებლის ნივთებს. ხელოვნების სასახლისთვის ამ ექსპონატების უსასყიდლოდ გადაცემა განაპირობა გოგებაშვილის მუზეუმში დაცული არქივის ნაწილის ერთ კოლექციად გაერთიანებამ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები და არქივი განსაკუთრებულ ეროვნულ იშვიათობას წარმოადგენს და ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო.
გადმოცემული საგანძური განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან აქ დაცულია დიდი განმანათლებლის დღემდე უცნობი ნივთები: სამუშაო კაბინეტის ავეჯი, ამპირის სტილის ტახტრევანი სავარძლებით, ბროლისაგან დამზადებული სარკე, გოგებაშვილის მაგიდის გარნიტური, ბროლისა და საქსის ფაიფურისგან დამზადებული მემორიალური ჭურჭელი, მაგიდის ლამპა, რომლის შუქზეც, გადმოცემის მიხედვით, „დედაენა“ დაიწერა.