საზოგადოება
ზედამხედველობის სამსახურმა „ქართუ ჯგუფს“ ჯარიმის სახით 4 000 ლარის გადახდა დააკისრა

rostom-mefeთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აღნიშნულია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ზედამხედველობის სამსახური „ქართუ ჯგუფს“ ერეკლე მეფის მოედანზე „როსტომ მეფის“ სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლები როსტომ მეფის სასახლეში გუშინ გვიან ღამით მივიდნენ და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

მიზეზად ზედამხედველობის სამსახურში არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. ზედამხედველობის სამსახურმა „ქართუ ჯგუფს“ 4000 ლარის ჯარიმა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა, თუმცა „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. „ქართუ ჯგუფმა“ როსტომ მეფის სასახლის გარე სამუშაოების წარმოება 2011 წლის აგვისტოში დაასრულა,

1 სექტემბერს კი დედაქალაქის მერიას  მიმართა და ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ მომხდარიყო შენობის ექსპლუატაციაში შესვლა. კანონით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის 10-მდე თანამშრომელი ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხდდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა.

პრობლემა შეექმნა „ქართუ ჯგუფს“ ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზეც. ეს ფართობი „ქართუ ჯგუფმა“ სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა.

ავტოფარეხის მშენებლობაზე არსებობდა დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც, გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა  და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. დედაქალაქის მერიამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე „ქართუ ჯგუფს“ მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 100 მანქანაზე  იყო გათვლილი, ჩამოართვა“.