საზოგადოება
„ქართუ“ პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს

CartuBankთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნული მოთხოვნა ბანკმა სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში დააყენა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს, რომ მიუხედავად 2011 წლის 18 ოქტომბერს სს „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მიერ საზოგადოებისათვის საშიში ფორმით განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ბანკისათვის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წართმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრებისა, ჩვენ არ განვიცდით ფინანსურ პრობლემებს, უფრო მეტიც, დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე გვაქვს.

ბანკის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მისდამი საქართველოს ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის დღევანდელ დამოკიდებულებაში გადამწყვეტია პოლიტიკური ფაქტორი და ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისაკენ არის მიმართული.

აღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს ბანკის ინკასაციის მანქანაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა, როდესაც ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ ხელისუფლებისადმი ლოიალური სს „საქართველოს ბანკის“ პასუხისმგებლობის საკითხი, საიდანაც ვითომ „შავი“ ფულის ტრანპორტირებას ვახდენდით.

მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებებიც, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკების მეშვეობით გატარებული ოპერაცია არ შეიძლება საქართველოში დაკვალიფიცირდეს ფულის გათეთრების მცდელობად და გნებავთ სს „ბანკ ქართუში“ მყისიერად დაწყებული შემოწმება, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ფაქტობრივად, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და დღემდე არ აკეთებს დასკვნას ფულის გათეთრების ასე გახმაურებულ ოპერაციაზე.

პარალელურად, მიდის სერიოზული ზეწოლა ბანკის კლიენტებზე, რათა მათ გადაიტანონ ანგარიშები, ფულადი სახსრები სხვა ბანკებში და ვფიქრობ, თავად კომერციულ ბანკებზე, რომელთაც აშკარად შეცვალეს დამოკიდებულება სს „ბანკი ქართუს“ მიმართ.

სს „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს თავად ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, დაგვიბრუნდეს უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ჩვენი კუთვნილი თანხები და მოგვეცეს მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოსა და, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ბანკის წმიდათა წმიდა მოვალეობაა“.