თბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გაზეთ „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, „ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამ სააკაშვილი დაარეტიანა“. მისი თქმით, ივანიშვილის გამოჩენამდე სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები ხელს აძლევდათ, ახლა კი მათ ეს უკანასკნელი აღარ უნდათ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“, გაყალბების მიუხედავად, არჩევნები, ფაქტობრივად, წაგებული აქვს“.
„უკვე გამოჩნდა ძალა, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დასაპირისპირებლად ყველა რესურსი აქვს. უკვე ცხადია, რომ ჩაბეტონებული „ნაცმოძრაობა“ ამ ძალამ უკვე შეარყია. ბიძინა ივანიშვილს ხელიც არ გაუნძრევია და თავისი რეიტინგით სააკაშვილს მაინც უსწრებს, პრეზიდენტის უგუნურმა ქმედებებმა კი ივანიშვილს რეიტინგი კიდევ უფრო მოუმატა“, – განაცხადა სანიკიძემ.მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და არავითარ შემთხვევაში სააკაშვილის ველზე არ შევიდეს“. „სააკაშვილს პოლიტიკურ-პარტიზანული ომით უნდა ვეომოთ, თუმცა გენერალურ ბრძოლაში არჩევნებამდე არ უნდა შევყვეთ. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პროვოცირებას ყველანაირად ცდილობს. ივანიშვილის პირველი რეაქციები სწორი იყო. მან ოპოზიციაში გარკვეული სიმშვიდე და თვითდამაჯერებლობა შემოიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ივანიშვილმა ამ პირობებში სერიოზული შეცდომები არ უნდა დაუშვას. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, სააკაშვილი მოღვაწეობას დაასრულებს“, – განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ „დღესდღეობით მიმდინარე „ნერვების ომში“ სააკაშვილის დამარცხების დიდი ალბათობაა, ბიძინა კი სააკაშვილის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ხასიათის ადამიანია“.
„წინ ძალიან საინტერესო და სახიფათო მოვლენები გველის, სახიფათო – იმიტომ, რომ საქმე უპასუხისმგებლო ოპონენტებთან გვაქვს და ჭკვიანმა შეცდომები არ უნდა დაუშვას“, – დასძინა სანიკიძემ.