პოლიტიკა
ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის პროექტის გაუმჯობესებას იმედოვნებს

tomas-markertთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. „ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტმა უნდა განიცადოს შემდგომი გაუმჯობესება, ვიდრე მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს“, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა თბილისში ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 27 ოქტომბერს.

მისი თქმით, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ექსპერტები პროექტზე საბოლოო ერთობლივ დასკვნას ვენეციის კომისიას 16-17 დეკემბერს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ დასამტკიცებლად. მმართველი პარტია აცხადებს, რომ

საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ახალ საარჩევნო კოდექსს არ მიიღებს.

თომას მარკერტმა განაცხადა, რომ ამჟამად წარმოდგენილი პროექტი არ არის „საბოლოო ტექსტი“ და შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ ცვლილებებს, რადგან „ODIHR“-ისა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გამოთქმული ზოგიერთი „კრიტიკული“ მოსაზრება არ არის მასში ასახული, მათ შორის, პატიმრისთვის საარჩევნო უფლების მიცემის, მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის და  პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე. 
გარდა ამისა, მარკერტის ინფორმაციით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა სხვა საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას (რომლის დაკომპლექტების მოქმედი წესიც საარჩევნო კოდექსის პროექტში არ იცვლება); საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „შემცირებას“, საჩივრებსა და დავების გადაწყვეტას და საარჩევნო სისტემას.

„აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს მზადყოფნა, რათა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას საარჩევნო კოდექსის [პროექტის] შესაძლო შესწორებისკენ, რათა მეტად შესაბამისობაში მოვიდეს პროექტი იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ჩვენ გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ“, – განაცხადა თომას მარკერტმა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის კუთხით, წარმოდგენილი პროექტი პრობლემას, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა არათანაბრობას და განსხვავებებს ოლქების მიხედვით, „ოდნავ ამცირებს“, რადგან გათვალისწინებულია რიგი მსხვილი ოლქების დაყოფა, „მაგრამ ეს პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს“.

მსჯავრდებულთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების ირგვლივ არსებულ წინააღმდეგობაზე დასმულ შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სინამდვილეში ეს ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლებისთვის მიცემულ ხმებს, თომას მარკერტმა უპასუხა: „მთავრობა ემხრობა ამ იდეას, რომელიც შესაბამისობაში მოდის ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; მაგრამ აუცილებელია ყველა ზომის გატარება იმისთვის, რომ არჩევნები იქ [სასჯელაღსრულების დაწესებულებებში] ჩატარდეს მართლაც თავისუფალი და ფარული კენჭისყრის პირობებში და რომ პატიმრები არ იყვნენ ზეწოლის ქვეშ“. 
მან, ასევე, განაცხადა, რომ თუმცა საბოლოო პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ „უკეთესი იქნება“, თუ  ახალი საარჩევნო კოდექსი არ მისცემს უფლებას გუბერნატორებს, რომ ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტში აღარ ფიგურირებს საარჩევნო უბნებში ვიდეოსათვალთვალო კამერების დამონტაჟების დებულება, ასევე, ამოღებულია ამომრჩეველთა მარკირების წესი, როგორც გაყალბებისგან დამცავი ერთ-ერთი საშუალება. ოპოზიცია ამ დებულებების კანონმდებლობაში დატოვებას ითხოვს.

თომას მარკერტის თქმით, ამ პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული „ხარვეზები“ არსებობდა და სხვა გზები უნდა გამოიძებნოს მათი ჩანაცვლებისთვის.

„ვფიქრობ, გრძელვადიანი გადაწყვეტა ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიცირება იქნება, მაგრამ ამას, ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე შემდეგ არჩევნებამდეა დარჩენილი,“– განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიცია ხმების ბიომეტრიული მონაცემებით დაცვის მექანიზმის შემოღებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ეს მომდევნო არჩევნებამდე მოსწრებადი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ამ წინადადების მიღებაზე უარი განაცხადა.