პოლიტიკა
თბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე აფასებს კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი თომას დე ვაალი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას „The National Interest“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. დე ვაალი წერს, რომ ბოლო დროს ქართული პოლიტიკა მოსაწყენი და ადვილად პროგნოზირებადი გახდა, თუმცა მოვიდა ოლიგარქი, რომელმაც ორ კვირაში შიდა ქართული პოლიტიკური სცენა შეარყია.
„იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის უდიდეს ბანკ „რასიისკი კრედიტს“ ფლობდა, მაინც შეუმჩნეველ ფიგურად რჩებოდა განსხვავებით ორი სხვა ელვარე ქართველი მაგნატისგან, რომლებმაც ფული რუსეთში დააგროვეს – კახა ბენდუქიძისა და ბადრი პატარკაციშვილისგან. ცხრა წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დასახლდა და გზებზე, სკოლებზე, ეკლესიებსა და თეატრებზე მილიონების ხარჯვა დაიწყო“, – წერს დე ვაალი. მისივე შეფასებით, 2011 წლის 7 ოქტომბერი დემარში იყო. „ეს იყო განცხადება, რომ ივანიშვილი მოდის პოლიტიკაში, რომ სააკაშვილის დრო დამთავრდა და აარსებს პარტიას, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილს გამჭრიახი პოლიტიკური ინსტინქტები აქვს – მან ხმამაღლა თქვა ის, რასაც თბილისში პირად საუბრებში ყველა ამბობს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ფსევდოოპოზიციურია.