თბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებით, ქართული მხარე ჟენევაში 25 ოქტომბერს რუსეთთან მოსალაპარაკებლად „ახალი წინადადებით“ ჩავიდა. „ეს წინადადება ისევ ითვალისწინებს ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგს და მონაცემთა გაცვლის ელექტრონულ სისტემას. სხვაობა მხოლოდ საერთაშორისო მონიტორინგის ფორმაშია“, – განაცხადა კაპანაძემ. მან არ დააკონკრეტა დეტალები, თუ, კერძოდ, რა შეიცვალა ქართული მხარის წინადადებაში.
მისი თქმით, შვეიცარიელმა შუამავლებმა 26 ოქტომბერს „კომპრომისული წინადადება“ წარმოადგინეს, რომელზეც საქართველო დათანხმდა. კაპანაძის განცხადებით, ეს კომპრომისული წინადადება კვლავ გულისხმობს ორ მთავარ კომპონენტს, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია სადავო საზღვრებზე გამჭვირვალე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად – ეს არის საერთაშორისო მონიტორინგი და მონაცემთა ელექტრონული გაცვლა.მისი თქმით, წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები „სავაჭრო დერეფნების“ ორივე მხარეს განთავსდებიან – ეს ადგილები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, რათა შენარჩუნდეს სტატუსის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ამ ეტაპზე მან უარი თქვა „სავაჭრო დერეფნების“ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული დეტალების გამჟღავნებაზე.
კაპანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას, რაც მის მსო-ში გაწევრებას უზრუნველყოფს. რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა მსო-ს საკითხებზე მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს რამდენიმე დღე დასჭირდება, რათა საკუთარი პოზიცია მოამზადოს შვეიცარიის წინადადებაზე. „ჩვენ პასუხის გაცემას მომავალ კვირას შევძლებთ“, – იტყობინება „იტარ-ტასი“ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.