სამართალი
თურქეთიდან 150 ქართველი გამოაძევეს

deportiთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის იძულებით დატოვების გადაწყვეტილება 200 უცხოელის მიმართ მიიღო, რომელთა შორის 150 საქართველოს მოქალაქეა, მათგან უმეტესობა – ქალი. ქართველებმა საქართველოს საზღვარი უკვე გადმოკვეთეს. დეპორტაცია შეეხო როგორც არალეგალურად, ისე ლეგალურად დასაქმებულ პირებს.

არალეგალ დამსაქმებელთა წინააღმდეგ სპეცოპერცია, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს მზადდებოდა, ანკარის პოლიციამ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაასრულა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 40 მათგანი დაკავებულია. არ არის გამორიცხული, მათ შორის ქართველებიც იყვნენ.

როგორც საქართველოს კონსულმა ანკარაში პაატა სარიშვილმა განმარტა, „ოპერაცია, რომელიც ანკარაში დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, დასრულდა. წინასწარ პატიმრობაში 40 არალეგალურად დამსაქმებელია აყვანილი, რომლებიც ტრეფიკინგში არიან ბრალდებულნი. მათი დიდი ნაწილი თურქეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უცხოელებიც. თურქული მხარე მათი ვინაობის გამჟღავნებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. აყვანილ იქნა 200-მდე არალეგალურად დასაქმებულიც, რომლებიც დეპორტაციას დაექვემდებარნენ. სამწუხაროდ, მათ შორის 150 ქართველია“.