საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის პიროვნების იდენტიფიკაციას ვერ ახდენენ

identifikaciaთბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის „Facebok“-ის გვერდზე მისი პრესსამდივნოს განცხადება ვრცელდება ივანიშვილს პიროვნების იდენტიფიცირებასა და მის სახელზე გაფორმებულ იარაღთან დაკავშირებით, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზი დასახელდა უარის მოტივად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადი იარაღის სხვაზე გადაფორმების მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა პირადი იარაღის გადაფორმებაზე, რომელზეც სარეგისტრაციო მოწმობა საქართველოს მოქალაქეობის პერიოდში, 2010 წლის 1 ნოემბერს იქნა გაცემული.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული იარაღის შენახვის საკითხი. 2011 წლის 21 ოქტომბერს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეზე იარაღის გადაფორმების მოთხოვნით შსს მომსახურების სააგენტოს მიმართა. ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ, მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი. კერძოდ, მომსახურების სააგენტოს ოფიცერმა განმარტა, რომ გაუგებარია, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი როგორ არის რეგისტრირებული საჩხერის რაიონის სოფ. ჭორვილაში და რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია.

გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაირკვეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის საკითხი.

პრესსამდივნო იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი არ გახდება კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან“.