სამართალი
ზუგდიდი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზედაეწერის პოლიციის ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ის სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ნაცემ ალექსანდრე სართანიას ექსპერტიზა ჩაუტარა.
ექსპერტ გია გომბორიძის განცხადებით, დაზარალებულს სხეულზე დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აღენიშნებოდა, ჰქონდა ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის ტრავმა და ქალას დაჟეჟილობები. ექსპერტის თქმით, ტრავმების ხანდაზმულობა ემთხვეოდა მიმდინარე წლის 25 ივნისს. სწორედ ამ დღეს ჩასვეს ალექსანრე სართანია მოტყუებით მანქანაში და ჯგუფურად სცემეს ზედაეწერის ტყეში.რაც შეეხება მოწმეებს, ისინი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადებულან, რიც გამოც სასამართლო პროცესი 2011 წლის 3 ნოემბრისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პოლიციელ ლაშა ექონიას გამოძიება 25 ივნისს ეჭვიანობის ნიადაგზე მოქალაქე ალექსანდრე სართანიას ჯგუფურად ცემას და სიკვდილის პირამდე მიყვანას ედავება. ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით აღძრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელ ლაშა ექონის თავისუფლების 9-დან 15 წლამდე აღკვეთა ელის.