საზოგადოება
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის – ზურაბ აბაშიძის, საპასუხო წერილს გამოეხმაურა. კერძოდ, ის წერს:
„თქვენ უსინდისოდ აცხადებთ, რომ უნიკალური წიგნის – „100 ქართველი საზღვარგარეთ“ – მომზადებასა და გამოცემაში ჩვენმა სპონსორულმა დახმარებამ „10 000 დოლარი, ანუ საერთო ღირებულების ნახევარი შეადგინა“. ეს ურცხვი ტყუილია.
პირადად მე აქ, მოსკოვში, ხელიდან ხელში გადმოგეცით 10 000 დოლარი, ხოლო კიდევ 16 000 დოლარი ჩემი ხალხისგან თბილისში მიიღეთ. ანუ საერთო ჯამში ამ შესანიშნავი წიგნის გამოსაცემად „რუსეთში საქართველოს კავშირისაგან“ 26 000 დოლარი მიიღეთ! ლოგიკური შეკითხვა – რა იქნა ეს ფული?თქვენ ამტკიცებთ, აგრეთვე, რომ „ამ თანხის გამოყენებას ტიპოგრაფიული ხარჯების დასაფარავად გეგმავდით, მაგრამ გადაწყვიტეთ, ჩვენი სპონსორობით აღარ გესარგებლათ, რათა ჩვენთან ვალში არ ყოფილიყავით“. ისევ შეუსაბამობაა – როდის და სად დაგვიბრუნეთ ჩვენი სპონსორული შენატანი?
და კიდევ, ალბათ, არ იცოდით, რომ იდეა პროდუქტის საფუძველია, რომელიც ტიპოგრაფიულ და საწარმოო ხარჯებზე გაცილებით მეტი ღირს! თუნდაც ამისათვის წიგნის დასაწყისში მადლობა უნდა გადაგეხადათ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ და პირადად მისი ვიცე-პრეზიდენტისთვის... უფალი იყოს თქვენი მსაჯული! თუმცა იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, თქვენში სინდისი გაიღვიძებს, აღიარებთ, რომ თქვენ მიერ გამოცემული წიგნი პირატულია, და დაბეჭდავთ გამოცემას, რომლისთვისაც ჩვენ გადაგიხადეთ“.