საზოგადოება
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის – ზურაბ აბაშიძის, წერილი ბატონ მ.მ. ხუბუტიას

abashidze-pasuxiრამდენიმე დღის წინათ საიტზე www.georgians.ru გამოქვეყნდა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას ღია წერილი საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკოლოზ რურუას.  ქართული ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ მიხეილ ხუბუტიას მიმართვით უპასუხა. საპასუხო წერილში ის, კერძოდ, აღნიშნავს:

„წიგნის – „100 ქართველი საზღვარგარეთ“ – შექმნის იდეა ბატონმა ნ. მეძმარიაშვილმა გამაცნო, რომელიც მოსკოვში საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი და ამჟამად „რუსეთში ქართველთა კავშირში“ თქვენი მოადგილეა. იდეა მომეწონა და დავთანხმდი, რომ ქართული ენციკლოპედია ასეთ გამოცემას სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად) მოამზადებდა. მოგვიანებით ბატონმა მეძმარიაშვილმა მაცნობა, რომ თქვენ მზად ხართ სპონსორობის გასაწევად.

ის, რომ წიგნის შექმნის იდეა „რუსეთში ქართველთა კავშირს“ ეკუთვნის, ჩვენი გამოცემის წინასიტყვაობაშია მითითებული, ამასთან, თქვენი კავშირი პირველია დასახელებული იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც, ასევე, გაგვიწიეს სპონსორობა. საიდან მოიტანეთ, რომ თქვენი იდეა ვინმემ მიითვისა?

ფორმალური წერილობითი წინადადება რუსეთში წიგნის გამოცემის შესახებ ბატონი ნ. მეძმარიაშვილისგან 2010 წლის ნოემბერში მივიღე. ჩვენ მაშინვე დავთანხმდით... მე ოპერატიულად გავუგზავნე წიგნის მაკეტი ბატონ მეძმარიაშვილს და რუსეთში მისი გამოცემის პირობები წერილობით შევუთანხმე. ბატონ მეძმარიაშვილს მასალა მოეწონა, მხოლოდ რუსული გამოცემის გაფორმებაში მცირეოდენი შესწორებების შეტანა გვთხოვა, რაზეც დავთანხმდით. გამოცემაზე „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ვერანაირ ექსკლუზიურ უფლებაზე ლაპარაკიც ვერ იქნებოდა.

საქართველოში წიგნი 2011 წლის მაისში გამოიცა. ვინ დაგიშალათ, რომ ეს წიგნი მანამდე ან მერე თქვენთან გამოგეცათ? ივნისში ბატონმა მეძმარიაშვილმა მაცნობა, რომ ქართული გამოცემა ძალიან მოეწონა. ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ქართველთა კავშირის როლი უფრო მეტად ხაზგასმული არ არის... როგორც კი შევნიშნე, რომ ბატონ მეძმარიაშვილს ჩვენი თანამშრომლობის ხასიათი კარგად არ ესმის, განვუცხადე, რომ თქვენს სპონსორულ მხარდაჭერაზე უარს ვამბობთ. მის წინადადებაზე შემდგომი თანამშრომლობის და სხვა პროექტების სპონსორული დახმარების თაობაზე ვუპასუხე, რომ ეს არ გვჭირდება და ჩვენს პროექტებს მომავალშიც დამოუკიდებლად განვახორციელებთ...

წიგნის მომზადება და გამოცემა 35 000 ლარი დაგვიჯდა (დაახლოებით 20 000 დოლარი). აქ შედიოდა: ჰონორარები მეცნიერ-სპეციალისტებს, რუსულ და ინგლისურ ენაზე მთარგმნელებს, მხატვარს, კორექტორებს, პროგრამისტებს, აგრეთვე, ტიპოგრაფიული ხარჯები (რა თქმა უნდა, ყველაფერი დოკუმენტურად არის გაფორმებული). აღვნიშნავ, რომ მთავარ რედაქტორს, ანუ „თქვენ მიერ დაქირავებულ ზურაბ აბაშიძეს“ („ჩვეული მანერით“) ერთი ლარიც არ მიუღია.

წიგნი 95%-ით ჩვენი რედაქციის ძალებითაა მომზადებული. რედკოლეგიაში ცნობილი ქართველი მეცნიერები მოვიწვიეთ. სხვა ორგანიზაციებისგან მხოლოდ რამდენიმე მასალა მივიღეთ და, ვიმეორებ, ამისათვის მადლიერება წინასიტყვაობაში გამოვხატეთ.

თქვენმა სპონსორულმა დახმარებამ 10 000 დოლარი, ანუ საერთო ღირებულების ნახევარი შეადგინა. ამ თანხის გამოყენებას ტიპოგრაფიული ხარჯების დასაფარავად ვგეგმავდით. თუმცა, ვიმეორებ, ბატონი მეძმარიაშვილის მხრიდან პრეტენზიების წამოყენების შემდეგ გადავწყვიტეთ, თქვენი სპონსორობით აღარ გვესარგებლა, რათა თქვენთან ვალში არ ვყოფილიყავით“.