თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია საქინფორმს აცნობებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 2011 წლის 21 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე მიიღო განკარგულება 5 პიროვნებისთვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. მათ შორის იყო სოფელ მირზაანის ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი. წინა დღეს გავრცელდა მისი სამართლიანი პროტესტი ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის ავარიულობასთან დაკავშირებით. ბატონი ანზორი გულისტკივილსაც გამოთქვამდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთლარიანი, რომელზეც ფიროსმანი იყო გამოხატული, ხმარებიდან ამოიღეს. იგი ამბობდა, რომ საქართველო ღირსი არ არის ფიროსმანის. ამ პროტესტის მერე ბატონი ანზორ მაძღარაშვილი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ამ საპატიო სიიდან ამოიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი ანზორი მთელ ძალას და ენერგიას ხარჯავს, რომ საქართველოს საამაყო შვილის – ნიკო ფიროსმანის, სახლ-მუზეუმში მისი ნახატები სათანადოდ იქნეს დაცული, რათა ეს ეროვნული საგანძური თაობიდან თაობას გადაეცეს.