თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი ნაციონალური რეფორმების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ ყველაფრის მტრის ჯინაზე მკეთებელი პრეზიდენტი მტრის ჯინაზე საქართველოს ეკონომიკასაც აქცევს.
ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ბრუნვამ მხოლოდ 6,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი მხოლოდ 1,5 მილიარდი, იმპორტი კი – 5 მილიარდი ( 3,3-ჯერ მეტი, ვიდრე ექსპორტი), უარყოფითი ბალანსი 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნებისმიერი ქვეყნისათვის კატასტროფაა, როცა ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის მოცულობა ამდენჯერ აჭარბებს ქვეყნის გარეთ გატანილს, მით უფრო მაშინ, როცა გატანილში ნედლეული და რეექსპორტი, ანუ სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ჭარბობს.რა გაგვაქვს? ძირითადად, ნედლეული და ცოცხალი საქონელი: ნედლეული – ფეროშენადნობები (197 მლნ დოლარი), ჯართი (104 მლნ დოლარი); ცოცხალი ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხები (25 მილიონი დოლარი – არ გაგიკვირდეთ, ამით იწყება გატანილი საქონლის ჩამონათვალი საქსტატის გვერდზე); კიდევ გაგვაქვს მსუბუქი ავტომობილები (?!). მისი მოცულობა ექსპორტის 1,5 მილიარდში 333 მლნ, ანუ მესამედზე მეტია (!!!).
დავფიქრდეთ: ქვეყნის გარეთ გატანილ პროდუქტში 600 მილიონამდე დოლარის ღირებულების ნედლეულია (ყველა სახის), 333 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების სხვისი ნაწარმი ავტომობილები – ჯამში ერთი მილიარდი დოლარი 1,5 მილიარდში არის ის, რაც სამუშაო ადგილებს ქვეყნის გარეთ ქმნის, ქვეყნის შიგნით უმუშევრობას აძლიერებს და ადამიანებს იძულებულს ხდის, ქვეყნის გარეთ გატანილ ნედლეულს გაჰყვნენ ქვეყნის გარეთ, როგორც შავი მუშები.
დავფიქრდეთ: უუფლებო შავ მუშებად ქართველები მუშაობენ ქვეყნის შიგნითაც. მაგალითისათვის მსოფლიო მეტალურგიის ისტორიულ აკვნად მიჩნეულ ქვეყანაში, სადაც ამჟამადაც მძლავრი მეტალურგიული საწარმოებია, ინდოელების შექმნილ მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი სიტუაციაც კმარა.
დავფიქრდეთ: ქვეყანას, რომელსაც მეტალურგიული წარმოების სრული ციკლის საკმაოდ დიდი სიმძლავრეები აქვს, ექსპორტზე გააქვს შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნახევარფაბრიკატები.
დავფიქრდეთ: აქვს კი საქართველოს ეკონომიკა – 2011 წლის მესამე კვარტალში ერთი კილოგრამი ხორცი, ხორცის ნაწარმი და ხორცის კვების პროდუქტი არ გაგვიტანია ქვეყნის გარეთ და გავიტანეთ 25 მილიონის ცოცხალი ცხენები, ვირები, ჯორები, ჯორცხენები, ძროხები და მხოლოდ 13 მილიონის ღვინოები?
დავფიქრდეთ: საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის მთავარი მდგენელი მსუბუქი ავტომობილებია: შემოგვაქვს 333 მილიონის და ქვეყნის გარეთ ვყიდით 278 მილიონისას. ჯამში ეს 610 მილიონს აჭარბებს. გამოდის, რომ საგარეო ბრუნვის თითქმის 10% (მეათედი) მსუბუქ მანქანებზე მოდის. საქართველო მანქანებს რომ არ აწარმოებს, ეს სინამდვილეა. თუ იმასაც ვიტყვით, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მანქანების მთავარ მწარმოებლებად ითვლებიან (იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, კორეა...), მანქანების მოცულობა საგარეო ბრუნვაში 10%-ზე ნაკლებია, – ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. რა გამოდის – საგარეო ბრუნვაში მანქანების მწარმოებელ ქვეყანას გაცილებით ნაკლები მოცულობა უჭირავს, ვიდრე საქართველოში, რომელიც მანქანებს საერთოდ არ აწარმოებს.
დავფიქრდეთ: ქვეყნის ხელისუფლების არაგონივრული, მეტიც, დანაშაულებრივი ეკონომიკური რეფორმის შედეგად ქართველი ხალხისათვის ბუნებისაგან ნაბოძები სიმდიდრით უცხოეთში იქმნება სამუშაო ადგილები და პროდუქცია, რომლის გარკვეული ნაწილის ექსპორტისათვის ქვეყანა თავის ოქროს მარაგისა და კონვერტირებადი ვალუტის მარაგის საკმაოდ დიდ ნაწილს იხდის.
ასეთია „ნაციონალური“ რეფორმების შედეგი – განადგურებული ნაციონალური ეკონომიკა.
ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისათვის ოდნავაც საკამათო არ არის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას ჩვენ საკუთარ ოჯახებში, ახლობელთა წრეში ვხედავთ.
ქვეყანა მართლა თავზე გვენგრევა. ხელისუფლებას არ აწყობს, ეს ხალხმა იცოდეს!
ხელისუფლების ამ დავალებას წარმატებულად ასრულებენ ხელისუფლების მორჩილი ტელევიზიები, მაგრამ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის აუცილებელია , სიმართლე საქვეყნოდ გამჟღავნდეს.
სიმართლე კი ზედაპირზე დევს: „ნაცების“მიერ რეფორმირებულ საქართველოს, „პირველ ნომერ“ რეფორმატორ ქვეყანას, არ აქვს ეკონომიკა“.