პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „მთელ საქართველოს ვერ დააპატიმრებენ!“

Bidzina-Ivanishvili-21თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებში მისთვის მონაწილეობის უფლების მიუცემლობის შემთხვევაში შესაძლოა, ყველაფერი კატასტროფამდე მივიდეს, რომელშიც პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვა მოჰყვება.

„ქუჩის აქციებს დიდი ალბათობით გამოვრიცხავ, მაგრამ თუ მე პოლიტიკაში არ მოვედი და ამათ გაიმარჯვეს, მერე რა?! ამის იქით არ შეიძლება, რომ გაიხედონ?! მე ხომ წარმომიდგენია, როგორი ბიუჯეტი დახვდებათ. კონცერტებზე ფულს როგორც უნდათ, ისე რომ ხარჯავენ და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბეს დაამსგავსეს... მათ არ იციან, რომ მოუწევთ, საგარეო ვალებზე რეალური პასუხი აგონ. პრინციპში, განა არ იციან, მაგრამ ვერ გეგმავენ. ოღონდ ეხლა, ოღონდ ეს დღე, ოღონდ ეს სიტუაცია…  აი, აქ დგანან ესენი. მერე რა, ვთქვათ, ვერ მოვედი  და არჩევნები მოიგეს, მერე რას შვრებიან, რას ფიქრობენ, მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები და კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ?! იქით გადაღუნავენ, იმ მხარეს, სადაც ესენი მიდიან?! ხომ გასაგებია, რომ ეს ძაფი გაწყდება და ყველაფერი კატასტროფამდე მივა და კატასტროფაში, პირველ რიგში, სააკაშვილი და მისი ახლო გარემოცვა მოყვება?! ის მომავალში შორი გარემოცვის დაკმაყოფილებასაც ვერ შეძლებს. ასეთი მეთოდებით და ასეთი ბიუჯეტით ყველა გარბის. აქ არავინ შემოვა და ასეთ სიტუაციაში ფულს არ შემოიტანს“, – განაცხადა  ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „როგორც შიგნით, ისე გარეთ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. შიგნიდან ყველა ელოდება, როგორ გაასწროს, გარედან კი აქ შემომსვლელი არავინაა და მოხდება ის, რომ ახლო მომავალში ესენი საკუთარ პოლიციასაც ვეღარ დააფინანსებენ და საკუთარი გუნდის დაფინანსებაც გაუჭირდებათ, რის გამოც ეს გუნდი შევიწროვდება და როდესაც გადატყდება, კატასტროფა მოხდება“.

ბიზნესმენმა ხელისუფლების იდეოლოგებთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა. „საინტერესო იქნებოდა, ვიცოდე ისეთი ავტორიტეტი, ვისაც ესენი მოუსმენდნენ, ან მათ იდეოლოგს შემახვედრონ. შევხვდები და დავუსაბუთებ, რომ ყველაფრის განმსაზღვრელი ქვეყანაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა მაგნატმა შს და იუსტიციის მინისტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მერაბიშვილიც და ადეიშვილიც დღეს საკუთარი ძალაუფლების მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ არაკანონიერად შექმნეს“. „ის, რასაც ეს გუნდი აკეთებს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. რამდენიმე წელიწადში სიტუაცია ისე განვითარდება, რომ თეორიულად შანსი არ არსებობს, მათ ამ გზით რაიმეს მიაღწიონ. არ შეიძლება, მათ მთელი საქართველო დააპატიმრონ. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ივანიშვილმა.