სამართალი
„ზვიომ“ ზეწოლის გამო „დარდუბალას“ პროექტი დატოვა

zvioთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც დღეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განაცხადა, „დარდუბალას“ ერთ-ერთმა სცენარისტმა ზვიად ბლიაძემ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო პროექტი დატოვა. მისი ინფორმაციით, „ამის მიუხედავად, „დარდუბალა“ მაინც დაიდგმება და ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ პროექტის ფინანსურ საკითხებს შეეხო“.

როგორც ცნობილია, „დარდუბალას“ ერთ-ერთი სცენარისტის – ზვიად ბლიაძის („ზვიო“), განცხადებით, მისი ოჯახის წევრებზე, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, ზეწოლა ხორციელდება და მათგან მოითხოვენ, ბლიაძეს „დარდუბალას“ კეთებაზე უარი ათქმევინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურის დატოვებით ემუქრებიან.

„კონკრეტული პირების დასახელება არ მინდა. პირადად მეც მითხრეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები უსამსახუროდ დარჩებოდნენ და მათი რჩენა მე მომიწევდა. როცა ადრე „დარდუბალას“ ვაკეთებდი, ჩემი და-ძმა იმავე ადგილას მუშაობდა, თუმცა მათზე მუქარა არასდროს ყოფილა. არ მეგონა, თუ ეს სერიალი ამხელა საფრთხე იყო, ამას ვერც წარმოვიდგენდი“, – აცხადებს ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებით ახალი „დარდუბალა“ თვე-ნახევარში, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავა. „დარდუბალას“ სცენარისტ შალვა რამიშვილის განმარტებით, სერიალის გმირები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიც იქნებიან.