პოლიტიკა
„საქართველოს ურჩევენ, რუსეთის მსო-ში გაწევრებას დათანხმდეს“

karel-de-guhtთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გამოცემა „Financial Times“ იუწყება, რომლის ინფორმაციით, „ევროკავშირმა საქართველოს მიმართა, წინააღმდეგობა შეასუსტოს“. გამოცემის მასალას „foreignpress.ge“ აქვეყნებს.

ევროკავშირის სავაჭრო საკითხთა კომისარმა კარელ დე გიუჰტმა განაცხადა, რომ „ევროკავშირმა და რუსეთმა ავტომობილების ნაწილებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს და მოსკოვის მსო-ში გაწევრების გზაზე რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღარ არსებობს“.

„რუსეთი ეკონომიკურად განვითარებული ის უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც მსო-ში არ შედის და ევროკავშირი და შეერთებული შტატები მის კლუბში გაწევრებას მტკიცედ უჭერენ მხარს, რათა ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის საკანონმდებლო საფუძველი გაუჩნდეთ, ვინაიდან მოსკოვი ხშირად არაპროგნოზირებადი სავაჭრო პარტნიორია. ყველა მხარეს იმედი აქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილ მსო-ს მინისტერიალზე შეთანხმება შედგება, რაც ერთგვარ საზეიმო ნოტად გაიჟღერებს. თუმცა საქართველო თავისი მტკიცე წინააღმდეგობით უკანასკნელ რთულ დაბრკოლებად რჩება. ის მსო-ში გაწევრების წესებს ეყრდნობა, რომელთა თანახმად, ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. საქართველოს წინააღმდეგობა 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ ამ ქვეყნისადმი თბილისის უწყვეტი მტრული დამოკიდებულებიდან მოდის. შვეიცარიის ძალისხმევამ, რომელიც ამ დავის დარეგულირებაში შუამავლის როლს თამაშობდა, ჯერჯერობით არსებითი შედეგი ვერ გამოიღო“, – წერს „Financial Times“, რომლის ვარაუდით, შესაძლოა, მხარეებს შორის დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, „ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ შეთანხმების მიღწევისთვის პოლიტიკური იმპულსი შესაძლოა, იმ ფაქტმა შეასუსტოს, რომ მომავალ წელს ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, პრეზიდენტად ბრუნდება, ვინაიდან პუტინს დიდი ხანია, რაც მსო-ს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს და მისი ინიციატივით ალტერნატიული რეგიონული საბაჟო კავშირი შეიქმნა, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელარუსი და ყაზახეთი გაერთიანდნენ“.

„ახლა ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმების მიღწევისთვის. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისის ძიებაში ძალისხმევა განაგრძონ“, – განაცხადა გიუჰტმა და მათ ამ ჩიხური სიტუაციის გადაწყვეტის საქმეში დახმარება შესთავაზა.