პოლიტიკა
შევარდნაძე საქართველოში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს

babu2თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია „არათანმიმდევრული“ და „არამდგრადია“. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ხან აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, ხანაც კი სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებლად საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. პუტინი იქნება თუ ვინმე სხვა, რუსეთის გარეშე ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ დავიბრუნებთ“, – აცხადებს შევარდნაძე.

ამ პოზიციიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულ იმედებს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე ამყარებს. მისი მტკიცებით, „ის ძალიან საღად მოაზროვნე პოლიტიკოსია, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება რუსეთთან სიტუაციის დალაგების შესახებ, ეს კი იმედებს აჩენს“.

ამასთან, შევარდნაძე ხაზს უსვამს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ივანიშვილს ხელს ვერ შეუშლიან. „თუ ხელისუფლება მას მოქალაქეობას არ დაუბრუნებს და არ მისცემს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, აუცილებლად სამოქალაქო ომი დაიწყება“, – განაცხადა შევარდნაძემ, რომელმაც ივანიშვილს კიდევ ერთხელ უწოდა „საქართველოს მხსნელი“.