აქტუალური
მოლაპარაკების მე-7 პლენარული სესია

Gruzia-ECთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკების მე-7 პლენარული სესია,  რომელიც ორშაბათს თბილისში დაიწყო, მუშაობას განაგრძობს.

სამუშაო ჯგუფის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხებს. თანამშრომლობის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა თემის განხილვას და ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

დელეგაციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, ხოლო ბრიუსელიდან – ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და იგულისხმება, რომ მან უნდა ჩაანაცვლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და ამით, შესაბამისად, გადავიდეს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკების წინა პლენარული სესია ივლისში ბრიუსელში გაიმართა.