სამართალი
ივანიშვილს ოკულტური მინერალები და ლიტერატურა დაუბრუნეს

mineralebiთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს ბიძინა ივანიშვილის შვილის კუთვნილ მინერალებსა და ლიტერატურასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ვალერი ლევინისთვის ჩამორთმეული ნივთები ივანიშვილს დაუბრუნდა.

„24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს, თუმცა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი დაკავების მიზეზად სწორედ ის „საეჭვო“ მინერალები დასახელდა, რომლებიც მას ბიზნესმენის შვილთან მიჰქონდა.