აქტუალური
მოლაპარაკებები ჟენევაში

ninokalandadzeთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, გასული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივ მონიტორინგს.

„ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა, რომლის უგულებელყოფა ვერ მოხდება. როგორც კი რუსეთი მზად იქნება, ამ წინადადებას დათანხმდეს, ჩვენ მზად ვართ, თანხმობა განვაცხადოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსო-ში რუსეთის გაწევრების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდება.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს და, ამავე დროს, საქართველოს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა“, – განაცხადა კალანდაძემ.