ზუგდიდი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ზედაეწერის პოლიციის ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმესთან დაკავშირებით სკანდალები არ ცხრება. ამჯერად პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაწამები ალექსანდრე სართანიას ოჯახი ლაშა ექონიას გარემოცვას მოწმეების მოსყიდვასა და დაშინებაში ადანაშაულებს.
გამოძიების მასალების მიხედვით დადგინდა, რომ ალექსანდრე სართანია ზედაეწერის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლაშა ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად მიმდინარე წლის 25 ივნისს დილით სახლიდან გაიყვანა, ეჭვიანობის ნიადაგზე სასტიკად სცემა, დააბა და აწამა. საქმეში არსებული ორი პოლიციელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.პოლიციელების მიერ ნაცემი და უგონო მდგომარეობაში მიგდებული სართანია მოგვიანებით ტყიდან გზაზე გამოსვლას ახერხებს. მას სამარშრუტო ტაქსი უჩერებს, რომელსაც ნაცემი ახალგაზრდა სახლში მიჰყავს. სწორედ ამ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს და მგზავრს შეაცვლევინეს ჩვენება ყოფილი პოლიციელის ახლობლებმა. ისინი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში ამბობენ, რომ სართანია მთვრალი იყო, არადა, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ დაზარალებული ნასვამი არ ყოფილა.
ალექსანდრე სართანიას ოჯახი პოლიციელის სათანადოდ დასჯას და საქმეში დაფიქსირებული კიდევ ორი პოლიციელის დაკავებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით აღძრა, რაც თანამდებობის პირის მიერ წამების ჯგუფურად ჩადენას და პირის სიკვდილის პირამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელს თავისუფლების 9-დან 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.