საზოგადოება
თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. 2011 წელს ქართული ხელნაწერები „იუნესკოს“ მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.
პროგრამის ფარგლებში 500-მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. კოლექცია IX-XV საუკუნეების ბიზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ნუსხაში შესულია ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები, ზედდართული ქართული კომენტარები და სხვა შინაარსის ძეგლები. მათ შორის არის თარგმანები, რომელთა დედნები აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ.პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვა უახლესი და ყველაზე შესაბამისი ტექნოლოგიით; მხარი დაუჭიროს დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქართული კოლექცია ყველაზე ძველია. ქართული წერილობითი წყაროების გვერდით „იუნესკოს“ რეესტრს დაემატა აშშ-ის, საფრანგეთის, ყაზახეთის, პორტუგალიის, სომხეთისა და ანგოლას დოკუმენტური ძეგლებიც.