სამართალი
ლევინის დაკავების მიზეზი ივანიშვილის შვილის კრისტალები გახდა

energia-kamneiთბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი დღის წინათ – 2011 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს – პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ცნობები საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ.

ვალერი ლევინი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ვალერი ლევინს გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს.

„ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ 23 ოქტომბერს გვიან ღამით გაათავისუფლეს. ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის იყო საჭირო. აღნიშნული პროცედურა უკვე ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს და მთელი რიგი დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა სულ რაღაც ერთ საათში შეუწყვიტა. ამ დოკუმენტაციასთან ერთად ლევინს საქართველოში ჟურნალი „ქვების ენერგია“ მოჰქონდა. ჟურნალის რეალიზება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორციელდება და მისი საბაზრო ფასი ქართულ ვალუტაში დაახლოებით 10 ლარს შეადგენს. ყოველკვირეულ ჟურნალს თან მინერალური ქვები მოჰყვება. ამ ქვებს ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილი გვანცა უკვე რამდენიმე წელია, აგროვებს და მის პირად კოლექციაში ათეულობით მსგავსი ქვა არის. როგორც კუდ-ის თანამშრომლებმა ვალერი ლევინის ადვოკატ შალვა თადუმაძეს განუცხადეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზი სწორედ ის ქვები გახდა, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ „ქვების ენერგიას“ მოჰყვება, რადგან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებები შემოჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ლევინისგან ამოღებული ქვები ექსპერტიზაზე ხვალ გაიგზავნება“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ლევინის ადვოკატ შალვა თადუმაძის ინფორმაციით კი, ექსპერტიზის პასუხი, რომელიც კრისტალებს უნდა ჩაუტარდეს, სავარაუდოდ, ორ კვირაში გახდება ცნობილი.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ სს საქმე მხოლოდ ფაქტზეა აღძრული და თავად ვალერი ლევინი არც ბრალდებულისა და არც მოწმის სტატუსით არ სარგებლობს.