თბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საგანგებო სამსახურების სატელეფონო ნომრები იცვლება. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა კოორდინაციის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილია ქვეყნის ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრების შეცვლა 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეიცვლება ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული მოკლე სპეციალური ნომრები: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები – 01 და 011 შეიცვლება ნომრით 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები – 03 და 033 შეიცვლება ნომრით 113; გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი – 04 შეიცვლება ნომრით 114; საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი – 022 შეიცვლება ნომრით 122; დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი – 025 შეიცვლება ნომრით 125.ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების გამოსაძახებლად ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურების მოკლე სპეცნომრები (სახანძრო-სამაშველო სამსახური – 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება – 113, გაზის საავარიო სამსახური – 114, საპატრულო პოლიცია – 122, დაცვის პოლიცია – 125).
შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციისა და სამსახურის ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი „0“ -ით ან ციფრი „8“-ით იწყება, მათი და 1XX(XXX) ფორმატის ნომრების მქონე სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამსახურების გამოძახების წესი შემდეგი იქნება: იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია, ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები ერთი და იმავე ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურის მოკლე ნომერი; იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია და ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები სხვადასხვა ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პრეფიქსი „8“, იმ ქალაქის კოდი, სადაც გამოსაძახებელი სამსახური მდებარეობს და გამოსაძახებელი სამსახურის ნომერი.
გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატისა და ახალი 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო 28 ნოემბრიდან კი იმოქმედებენ მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები.