რედაქტორისგან
ლეგრანი და გვერდწითელი სააკაშვილისათვის ხუბუტიას ფულით მღეროდნენ, რომელიც აბაშიძემ „გადააგდო“!

mვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ რაიმე ისეთი მოხდებოდა, რაც გასული კვირის მთავარ მოვლენას – თბილისის ცენტრში დღისით-მზისით მილიარდერი ივანიშვილის გაძარცვას დაჩრდილავდა! 20 ოქტომბერს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ საიტი მოვინახულე და ნამდვილ სენსაციას წავაწყდი, რომელიც „WikiLeaks“-ის სკანდალურ მხილებებს არაფრით ჩამოუვარდებოდა: ღია წერილი საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკოლოზ რურუას „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას ხელმოწერით, რომელიც ამ შემთხვევაში ჟულიან ასანჟის როლში გამოვიდა. თუმცა მოდი, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ. მაშ ასე:

ტფილისი, 1907 წლის 13 ივნისი. დილის 10 საათზე სახელმწიფო ბანკის მოლარე კურდიუმოვმა და მოანგარიშე გოლოვნიამ ფოსტაში 250 ათასი მანეთი მიიღეს და ორი ჩაფარისა და ხუთი კაზაკის თანხლებით ორი ფაეტონით გაემგზავრნენ სახელმწიფო ბანკის ტიფლისის განყოფილებისკენ. 11 საათზე, ერევნის მოედანზე  (ყოფ. ბერიას სახელობის, შემდგომში – ლენინის) გავლისას, ხაზინის ტრანსპორტს ბომბები ესროლეს და ტყვიები დაუშინეს, ხოლო ფული მთლიანად გაიტაცეს. ძარცვისას 2 ჟანდარმი მოკლეს, დაიჭრა 16 გამვლელი, 1 მსროლელი და 5 კაზაკი, აქედან 3 – სასიკვდილოდ. ძარცვა, რომელსაც შემდგომ ფლისური ექსპროპრიაცია ეწოდა, რსდმპ ტიფლისის ორგანიზიციის ბოლშევიკებმა განახორციელეს სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის (პარტიული მეტსახელი კამო) ხელმძღვანელობით.

თბილისი, 2011 წლის 18 ოქტომბერი. საღამოს 17 საათზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ-ბანკის“ საინკასაციო ავტომანქანა „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის ტერიტორიიდან გამოვიდა. მანქანაში „ქართუ-ბანკის“ 6 თანამშრომელი იმყოფებოდა, აგრეთვე – 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო ნაღდი ფული, რომელიც მათ „საქართველოს ბანკში“ მიიღეს. გზად „ქართუ-ბანკის“ საინკასაციო ტრანსპორტს შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს, როგორც შემდგომში აღმოჩნდა – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც მანქანა ავტომატების მუქარით ფულიან-მძღოლიან-ინკასატორებიანად გაიტაცა და პოლიციაში მიიყვანა. დაკავებულები დაკითხეს და გაუშვეს, მაგრამ მთელი ფული ჩამოართვეს (ჩათვალეთ – ექსპროპრიაყვეს) და „ფულის გათეთრების მცდელობაზე ეჭვის“ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ვისი ხელმძღვანელობითა და ბრძანებით განხორციელდა ფლისური ექსპროპრიაცია-2 – ამას ახსნაც არ სჭირდება: სააკაშვილს სასწრაფოდ უნდა ივანიშვილის ციხეში გამომწყვდევა, რათა, ღმერთმა დაიფაროს, რუსეთს არაფერში ჩამორჩეს და საქართველოში საკუთარი ხოდორკოვსკი ჰყავდეს. ოფიციალური ვერსია კი ორიგინალურობით სულაც არ გამოირჩევა: „შენ ბიძინა კი არა, რუსი ბორია ხარ! შენ ივანიშვილი კი არა, ივანას შვილი ხარ! შენ საქართველოს კი არა, აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის მოქალაქე ხარ! შენი ფული კრემლით ყარს! შენც იგივე ბედი მოგელის, რაც არკადი პატარკაციშვილს!“

თითქოს აქ უკვე შეგვიძლია წერტილი დავსვათ და დავასკვნათ: მე-20 საუკუნის დასაწყისისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის რევოლუციონერების მეთოდები ერთნაირია, ოღონდ კამო ტერ-პეტროსიანი ექსპროპრიაციას  რევოლუციამდე (ოქტომბრის) არ თაკილობდა, მიხეილ სააკაშვილი კი ამან  რევოლუციის შემდეგ (ვარდების) გაიტაცა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება: თურმე ქართველ მილიარდერთა ფული მხოლოდ მაშინ „ყარს კრემლით“, როდესაც ეს ქართველი მილიარდერები პოლიტიკაში „მიდიან!“ მანამდე კი ივანიშვილის, პატარკაციშვილის და სხვათა ფულებს სააკაშვილის ხელისუფლება არანაკლებ მადიანად „ინელებდა, ვიდრე დღეს ნთქავს კახა ბენდუქიძის, მერაბ შარანგიას (პარტიული მეტსახელი დორდიკა), კობა ნაყოფიას და, როგორც აღმოჩნდა, მიხეილ ხუბუტიას ფულს!

თუმცა ამ უკანასკნელის 20 ოქტომბრის ღია წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ დღევანდელი ქართველი ხელისუფალნი არა მხოლოდ საუცხოო ექსპროპრიატორები, არამედ გადამგდებებიც არიან! დასტურად რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ მიხეილ ხუბუტიას ზემოხსენებული ღია წერილიდან საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკოლაის, უკაცრავად – ნიკოლოზ რურუას:

ფრაგმენტი №1. რამდენიმე წლის წინ სწორედ რუსეთში ქართველთა კავშირმასაკუთარი სახსრებით შეაკეთა მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობა. თუმცა საქართველოსგან ერთ მადლიერ სიტყვასაც ვერ ვეღირსეთ. პირიქით, ქართულმა მასმედიამ ეს ინიციატივა, ჩვეულებისამებრ, ლაფში ამოსვარა.

ხუბუტია, უბრალოდ, „გადააგდეს“, მიუხედავად იმისა, რომ ისიც მიხეილია, როგორც სააკაშვილი; მიუხედავად იმისა, რომ ისიც პრეზიდენტია – როგორც სააკაშვილი (თუნდაც არა საქართველოსი, არამედ ქართველთა კავშირის); მიუხედავად იმისა, რომ ისიც ქართველია, როგორც სააკაშვილი (სხვათაშორის, ბოლო დღეებია საქინფორმის რედაქციაში მკითხველები რეკავენ, რომლებსაც ქართული ტელეარხების მიერ ნაჩვენები სიუჟეტის შემდეგ აინტერესებთ რა ზომებს მიმართავს რუსეთში ქართველთა კავშირი კარტოფილის საწყობთან დაკავშირებით, რომელიც ვსეხსვიატსკოეში ბაგრატიონთა საფლავებზე, ქართული ნეკროპოლის ადგილზე აშენდა?).

ფრაგმენტი №2. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და კეთილი საქმეების კეთებას განვაგრძობთ. სწორედ „რუსეთის ქართველთა კავშირმა“ დაასპონსორა ამ ზაფხულს ბათუმში სახელგანთქმული მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის ჩამოსვლა. და კიდევ ბევრ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტსაც საკუთარი ძალებით წარმატებით ვახორციელებთ.

როგორც ჩანს, საქართველოს საელჩოს რემონტის ამბის შემდეგ ხუბუტიას გულში წყენა დიდხანს არ გაჰყოლია, და რადგან არ დაიჯერა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის მადლიერების საუკეთესო ფორმა – „შავბნელი“ უმადურობაა, კვლავაც უკეთებდა მას საჩუქრებს, კერძოდ – ამ ზაფხულს ბათუმში ჩატარებული მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის კონცერტი „შერბურული ქოლგები“ დააფინანსა. მაგრამ ის ისევ გადააგდეს: ხუბუტია არსად უხსენებიათ, სამაგიეროდ, ნაცმოძრაობის მთავარმა პიარმენეჯერმა (ხუბუტიას და ლეგრანის სეხნიამ) ყველა ქულა თავისთვის დაიწერა. მეტიც, ამ კონცერტების ბილეთები ჩვენ,  გადასახადების უბრალო გადამხდელებს აგვანაზღაურებინეს, რადგან იმ ათასობით მოსაწვევის საფასური, რომლებიც ნაცმოძრაობის აქტივს მათ ცოლებს, საყვარლებს, ნაშიერებსა და ნათესავებს დაურიგეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა. იცოდა კი მიშელმა, რომ საქართველოში უმუშევარი ხალხი შიმშილობს და კონცერტის ძვირადღირებული ბილეთების შეძენის საშუალება არ აქვს?! და რომ არა რუსეთში მომუშავე ნათესავებისა და ახლობლების დახმარება, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად მილიონობით დოლარს აგზავნიან (მხოლოდ 2011 წლის სექტემბერში – 59 36 000 დოლარი!), ნახევარი საქართველო დიდი ხნის წინ „ფეხებს გაფშეკდა“?

ფრაგმენტი №3. სწორედ რუსეთში ქართველთა კავშირმამოიფიქრა უნიკალური საგამომცემლო პროექტი 100 ქართველი საზღვარგარეთ, და ამ წიგნის მომზადება-გამოცემისათვის ზურაბ აბაშიძე დაიქირავა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენგან იდეები, პროექტისთვის ფული და თავისი საშუამავლო ჰონორარი წაიღო, ბატონმა ზურაბმა მისთვის ჩვეული მანერით ეს ყველაფერი სადღაც გააქრო და წიგნის გამოცემის სპონსორად კომპანია მაკდონალდსი მიიწვია! ამასთან, უბრალოდ, მადლობაც კი არ გადაუხადა უნიკალური იდეის შთამაგონებელს ჩვენი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს, 82 წლის ნოდარ მეძმარიაშვილს, რომელიც მასთან ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ფოლიანტზე და ჰონორარის ნაწილი ზურაბს საკუთარი სახსრებიდან პირადად გადაუხადა.

გადაგდებაც ასეთი უნდა!.. რა სკანდალია, ლაპარაკი ხომ რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე, ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ახლანდელ მრჩეველზე, ბატონ ზურაბ აბაშიძეზე მიდის! მაშ, გამოდის, რომ ბატონმა ზურაბმა მისთვის ჩვეული მანერით, როგორც ხუბუტია ამტკიცებს, ის არაერთხელ გადააგდო? რიტორიკული შეკითხვა: ასე ხშირად რატომ ცდებიან ადამიანებში წარმატებული ქართველი ბიზნესმენები პატარა ბავშვებივით? გასაკვირია, როგორ შოულობენ ამის მერე მილიარდობით დოლარს?! თუმცა, პარტნიორების შერჩევაში დაშვებული შეცდომები ხუბუტიას გაცილებით იაფი დაუჯდა, ვიდრე პატარკაციშვილს...

ფრაგმენტი №4. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის მოსკოვი-თბილისის გადაღება, რომელიც მაყურებელს რუსეთისა და საქართველოს მეგობრობაზე მოუთხრობს. სახელგანთქმული რეზო ჩხეიძის თხოვნით მე ამ ფილმის პროდიუსერი გავხდი და მთლიანად დავაფინანსე ის.

ბრავო!!! მაგრამ ყველაფერს აჯობებს, თუ ეს ფილმი, რომელიც ხუბუტიას 1 მილიონი დოლარი დაუჯდა, კინოთეატრებში 2 სეანსად გავა: პირველ სეანსზე – რეზო ჩხეიძის მოსკოვი-თბილისი „რუსეთ-საქართველოს მეგობრობაზე“, ხოლო მეორეზე – ასევე ფილმი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კერძოდ – რენი ჰარლინის აგვისტოს 5 დღე, რომელიც „ნაყოფია-ფიქჩერზს“ 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2011 წლის 4 ივლისის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში NATOხტარის სასაკლაო და „Failed president of Georgia“ ვამბობდი: „მე მებრალება უდარდელი კობა, რომელიც იმდენად შეიჭრა როლში, რომ ვეღარ შეამჩნია, როგორ დაუფარა მზე მიშას მისმა აბსოლუტურად მრგვალმა თავმა. ამიტომაც გახსოვდეთ: მას ფულს მოწველიან არჩევნებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოდან გააქცევენ და ისიც ამჯერად ნამდვილი ლტოლვილი გახდება...“ ჰოდა, კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი მართლაც აპირებს ბიზნესმენ კობა ნაყოფიას დაპატიმრებას და მისთვის რამდენიმე ლიმონზე გაპარსვას“. არა, „მოსკოვი-თბილისის" სცენარის ავტორი მერაბიშვილი კი არა, საქართველოს შს მინისტრი მერაბიშვილი...

მომიტევეთ მტვირთავის ჟარგონისათვის, სამაგიეროდ, ის ზოგიერთი ქართველისათვის დამახასიათებელ თვალთმაქცურ ლექსიკაზე უფრო გულწრფელია. და თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით – ყველაფერი, რასაც ღრმად პატივცემული მიხეილ ხუბუტია აკეთებს (ისევე, როგორც ამ სტრიქონების ავტორი) პოლიტიკაა! ამიტომ ყველა, ვისაც რაიმე კავშირი მაინც აქვს საზოგადოებასთან (Public Relations, PR), და, მით უმეტეს (ბიზნესმენი ხუბუტიას ციტირებას ვახდენ)აქტიური საზოგადოებრივი პოზიცია“, ანუ შეუძლია პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე (მეტ-ნაკლებად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) პოლიტიკოსია!

ფრაგმენტი №5. პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ, რუსეთში ქართველთა კავშირის სახელით მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ საქართველოს ტერიტორიაზე პარტნიორების პოვნაში, რომლებსაც კულტურული თანამშრომლობისა და სახალხო დიპლომატიის სფეროში საპასუხისმგებლო პროექტებს ვანდობდით. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთობლივი პროექტების მთელი ნუსხა გაზეთების, ჟურნალების, წიგნების გამოცემით დაწყებული, კონცერტების, გამოფენების, კონკურსების მოწყობით დამთავრებული, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოში ისეთი ცნობილი რუსი შემსრულებლების გასტროლებს, როგორებიც არიან იოსებ კობზონი, ნადეჟდა ბაბკინა, ნადეჟდა კადიშევა.

არ ვიცი, როგორ იქნება კობზონის, ბაბკინას და კადიშევას ჩამოსვლის საქმე, ინგლისურად თუ იმღერებენ, რუსულ სიმღერებს ხომ ჩვენთან რესტორნებშიც კი აღარ მღერიან... აი, პარტნიორებს რაც შეეხება ამაში რურუა ნამდვილად დაეხმარება, უეჭველად შემორჩებოდა ძველი კავშირები ბანდფორმირებებში და ასეთი საიმედო ქოლგით(ბევრად უფრო საიმედოთი, ვიდრე „შერბურულია“!) ხუბუტიას აწი ნაღდად ვეღარ გადააგდებენ“.  

სხვათაშორის, პატივცემული ბატონი ნიკოლოზი – სწორედ ის რურუაა, რომელმაც მოხსნა სტურუა, რომელთანაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ხუბუტიას მეგობრული ურთიერთობა აქვს...

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ხუბუტიამ სამჯერ საჯაროდ  განაცხადა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას მიესალმება და ყოველმხრივ მხარს დაუჭერს, ერთი შეკითხვა იბადება: შეძლებს კი ის მხარი დაუჭიროს ბიძინა ივანიშვილს და ამავე დროს პარტნიორობა დაამყაროს ორ მინისტრთან (კულტურის და დიასპორის საქმეთა) სააკაშვილის მთავრობიდან, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილი ბრძვის?

თუმცა ხუბუტიას, უეჭველია, ესმის, რომ ამ წერილსაც წინა წერილების ბედი მოელის, საქართველოს ხელისუფლება ხომ ქართველი ბიზნესმენებისგან წერილების კი არა, ფულის მიღებას მიეჩვია!

P.S. ყველა ნეო-ექსპროპრიატორის საყურადღებოდ: თავისი დროის დიდ ექსპროპრიატორს სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანს, რომელიც ცნობილი იყო პარტიული მეტსახელით „კამო“, დიდხანს არ უცოცხლია – ის 1922 წელს ტიფლისში „ავტოსაგზაო კატასტროფაში“ დაიღუპა. იმ მისთვის საბედისწერო დილას კამო ველოსიპედით მიდიოდა სამსახურში – „ნარკომფინში“, როცა ქალაქში მოძრავი სულ სამად სამი ავტომობილიდან ერთ-ერთმა  ვერის დაღმართზე „შემთხვევით“ გაიტანა...

კამო დაკრძალეს ერევნის მოედანზე (ყოფ. ბერიას სახელობის, შემდგომში ლენინის), იქ, სადაც 15 წლის წინ უტიფარი ძარცვა მოახდინა, რომელიც ისტორიაში „ტიფლისური ექსპროპრიაციის“ სახელით შევიდა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, და სანამ მოედანზე ლენინის მონუმენტი  ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგიმ შეცვალა, კამოს ნეშტი ღამით გადაიტანეს ვაკის სასაფლაოზე, სადაც თავისი დების გვერდით, დღემდე უსახელო საფლავში დამარხეს... და საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს დაარქვეს „თავისუფლების მოედანი“ – კამოსგან თავისუფალი!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

m1 m2
m3 m4
m5 m6
m7 m8