პოლიტიკა
თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ბანკი „ქართუს“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მშვიდად შეხვდა. როგორც გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, იმ დროს, როდესაც ბიზნესმენმა მომხდარის შესახებ შეიტყო, ის ივანიშვილთან იმყოფებოდა.
„ბიძინა ივანიშვილთან ვიყავი, როდესაც მისი თანამშრომელი შემოვიდა და უთხრა: „ბატონო ბიძინა, საინკასაციო მანქანა წაიყვანეს...“ ბიძინა მშვიდად მიუბრუნდა და ჰკითხა: „ყაჩაღები იყვნენ?“ – „არა, ბატონო ბიძინა, ეს პოლიცია იყო“, – უპასუხა შემოსულმა. ბიძინას გაეცინა, როცა გაიგო, რომ ხელისუფლებამ 2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო წაართვა. მან ძალიან მშვიდად თქვა: „ეგ არაფერი, 5 მლრდ 995 მლნ დამრჩა“, – განმარტა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი ორი დღის წინათ 17:00 საათისთვის დააკავეს. შსს-ის ცნობით, მათ თან დიდი ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდათ. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას გულისხმობს.