რელიგია
ილია მეორე რეჯებ ტაიპ ერდოღანის პასუხს ელის

patrr1თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს თურქეთში გამგზავრებამდე დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, ილია მეორე თურქეთში ვიზიტის დროს საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და ქართული კულტურის ძეგლების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხით დაინტერესდება.

კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთში ვიზიტის დროს დაინტერესდება თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანისთვის ამ დღეებში მიწერილი წერილის პასუხით, რომელშიც უწმიდესი თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და ქართული კულტურის ძეგლების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს აყენებს.

„პატრიარქისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლიანი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული პირის სტატუსი მიიღო და, ამავე დროს, ზოგიერთი ეკლესიის შენობა-ნაგებობანი, რელიგიური ძეგლები, ამ ეკლესიების საკუთრებაში გამოცხადდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არის უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურის ძეგლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა უკავშირდება იმას, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ძეგლების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება. ასევე, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება“, – აღნიშნა ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი სტამბულში გუშინ გაემგზავრა, სადაც მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესობის ბართოლომეოს პირველის ინტრონიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უწმინდესი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.