აქტუალური
ბანკ „ქართუდან“ თანხების გადინების მაჩვენებელი იზრდება

nodarjavaxishviliთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკ „ქართუდან“ ანაბრების გატანის მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს. როგორც ჯავახიშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას განაცხადა, გაიზარდა მოთხოვნა „ქართუდან“ ანგარიშების სხვა ბანკებში გადატანაზე და სწორედ იმიტომ სჭირდებოდათ მათ „საქართველოს ბანკიდან“ თანხის გამოტანა, რომ „კლიენტები არ შეეფერხებინათ“.

„ვიცით, მიდის ზეწოლა, რომ კლიენტებმა ანგარიშები სხვა ბანკებში გადაიტანონ. „ქართუსთან“ დაკავშირებული ინციდენტი არის პირდაპირი მითითება, რომ ეს ბანკი არის ხელისუფლების დარტყმის ქვეშ და გადაიტანეთ ფული, რათა არ დაგეკარგოთ!“ – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ პრობლემები შეექმნას „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებსაც. „დღეს არცერთი ოპერაცია შეჩერებული არ გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი ზეწოლა, მათ შორის, ფინანსური ბერკეტებით, გაგრძელდება, შესაძლებელია, ყველა ეს პროექტი გაჩერდეს“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საუბარია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტზე, მათ შორის, ხელოვნების სფეროსა და სპორტის წარმომადგენლებისთვის საქველმოქმედო ფონდის მიერ დანიშნულ ხელფასებზეც.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრული. ბანკი „ქართუს“ ინკასაციის მანქანა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისთან დააკავეს.