სამართალი
თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, „ბანკ „ქართუში“ შექმნილ ვითარებას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) უშუალოდ ბანკში შესვლით შეისწავლის“.
„ეროვნულმა ბანკმა“, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს ბანკ „ქართუში“ შექმნილი ვითარება; პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სებ-ის ერთ-ერთი ამოცანა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფაა, ამ ამოცანის შესასრულებლად კი ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტიან ზედამხედველობას ახორციელებს. „კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ისე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით. ბოლო პერიოდში ბანკ „ქართუსთან“ მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ: საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა. გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს ბანკ „ქართუში“ მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი.