საზოგადოება
ივანიშვილი: „ჩემი ამოცანაა - ხალხის ქუჩაში გამოსვლა არ დავუშვა“

biz-dipkorpთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში აკრედიტებული 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გუშინ, დაახლოებით, საათ-ნახევარს გაგრძელდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხებსა და „ქართუ ბანკის“ ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, იაპონიის, ევროსაბჭოსა და გაეროს, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა „NDI“-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც.

შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ნაწილი სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე გავრცელდა. როგორც ბიზნესმენმა შეხვედრისას განაცხადა, „ის და მისი გუნდი მომავალში აპირებენ, გააღრმაონ ურთიერთობა აშშ-თან“.

„მადლიერი ვარ აშშ-ის თანადგომის, მადლიერი ვარ, ასევე, ევროპის და პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროსტრუქტურებთან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია, მყისიერად დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია ჩემი განცხადების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დარეგულირება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება“, – განაცხადა ივანიშვილმა.